მინდა მივესალმო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება ვეტოს სახით და ვეტო იმ ცვლილებებს დაადოს, რომლითაც თქვენ {„ქართული ოცნება“} ფაქტობრივად, ცდილობთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნების წინააღმდეგ წახვიდეთ და კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე განამტკიცოთ,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას ამცირებენ, ნაცვლად იმასა, რომ ეს ნდობა გაიზარდონ.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველო არის უკიდურესად ჩამორჩენილი ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა, ეს ქვეყნები ევროპულ დღის წესრიგში წინ მიიწევენ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საქართველო, სამწუხაროდ, დღესაც არის იმ ვითარებაში, როცა პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღო, ოღონდ ეს პირობები იმის ნაცვლად, რომ დაჩქარებული წესით სრულდებოდეს, „ქართული ოცნების“ მიერ მორიგ ჯერზე დაწყებულია საბოტაჟის პროცესი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების. ამ კონტექსტში, მინდა, რომ მივესალმო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება ვეტოს სახით და ვეტო იმ ცვლილებებს დაადოს, რომლითაც თქვენ ფაქტობრივად, ცდილობთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნების წინააღმდეგ წახვიდეთ და კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე განამტკიცოთ, მაშინ როდესაც ევროკავშირის მოთხოვნა არის სწორედ, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება და თქვენ ფაქტობრივად, ნდობას ამცირებთ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, იმის ნაცვლად, რომ ეს ნდობა გაიზარდოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით, ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის „ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის შენარჩუნებას“.
„მეორე მოთხოვნა, რომელიც თქვენ არ შეასრულეთ, რომელიც შესრულებულად არ ითვლება და ვერ ჩაითვლება თქვენი ხელისუფლების პირობებში, ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. ამ თვალსაზრისით, მინდა, რომ ეს ორი პრობლემა ერთმანეთს დავაკავშირო იმიტომ, რომ ძალიან დამაბნეველი იყო, როდესაც ცესკოს თავმჯდომარემ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს არსებობს რაღაცა გეგმა, ლამის მისი ფიზიკური ლიკვიდაციის იმისთვის, რომ მაგალითად: „ლელოს“ წარმომადგენელმა, მისმა მოადგილემ მისი ადგილი დაიკავოს და არჩევნები ჩაატაროს. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ასეთი არაადეკვატური განცხადებები ცესკოს თავმჯდომარისგან, მაგრამ რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველის“ სიუჟეტით ჩვენ მოვისმინეთ რატომ არის მზად ეს ადამიანი სინდისზე, ნამუსზე აიღოს ხელი, გააკეთოს არაადეკვატური განცხადებები იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე მისი ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის შენარჩუნებას.
მაინტერესებს, შეკითხვა მაინც არავის არ უჩნდება ცესკოს თავმჯდომარის მიერ შეძენილი უზარმაზარი ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით? და ნორმალური არის თუ არა, რომ ქვეყანა რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანება, ანტიკორუფციული ბიურო არის დაკავებული ოპოზიციის საქმეების შესწავლით და ოპოზიციის დეკლარაციის შესწავლით, მაგრამ საერთოდ არავის არ ახსენდება, რომ ცესკოს თავმჯდომარე მხილებული იქნა სავარაუდოდ, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო კორუფციაში. აი, მაინტერესებს უმრავლესობის წევრები რას ფიქრობენ ამაზე? კაპიტალის დაგროვება ნორმალური მდგომარეობა არის ცესკოს თავმჯდომარისთვის? ამისთვის იღებთ ამ კანონმდებლობას, რომ განამტკიცოთ კიდევ უფრო მისი პოზიციები?“, – განაცხადა სამადაშვილმა.