სხვა პარტიებს შეუძლიათ, რომ ყოველ დღე გამოვიდნენ, „ჰაკა“ ჩაატარონ, დაიფიცონ ხატზე ან სხვა რაიმე რიტუალური განცხადებები გააკეთონ და თქვან, რომ არასდროს შევლენ პარლამენტში, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად მივდიოთ პროცედურას, რომელიც მანდატების გასაუქმებლად არის განსაზღვრული , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, განცხადებები, რომლითაც საპარლამენტო უფლებამოსილების ცნობამდე მიმართავ ცესკოს, ვერ მოიტანს ვერანაირ იურიდიულ შედეგს.
„არ არსებობს კონსტიტუციური მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მხარეს, რომელიც სამართლიანი თუ არასამართლიანი არჩევნებით უმცირესობას წარმოადგენს, არჩევნების შემდეგ, დარტყმა მიაყენოს პარლამენტს და მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელი გახადოს, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელს გახდის ზოგადად, როდესმე პარლამენტის შეკრებას. ეს არ არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ის განცხადებები, რომლითაც შენი უფლებამოსილების ცნობამდე მიმართავ ცესკოს, ვერ მოიტანს ვერანაირ იურიდიულ შედეგს. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს ინიციატივით, საჯაროდ დავდოთ ფიცი, რომ არ შევდივართ პარლამენტში, მაგრამ ამას აქვს რიტუალური ღირებულება. რიტუალური ღირებულება ვისაც უნდა, შექმნას, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება, რომ პარლამენტში ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია შევიდეს, არამედ მას სურს, რომ რაღაც ნაწილი მაინც იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მანდატებზე უარის თქმის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ ვთქვათ, რომ ამ პარლამენტს დემოკრატიულად არჩევნების ლეგიტიმაცია არ ექნება, ნაქურდალში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩატარდა პოლიტიკური ძარცვა და ყაჩაღობა.
„ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ყველა, ვინც ოპოზიციიდან არჩეულია, შემოვიდეს პარლამენტში. პირიქით, კობახიძე ამბობს, რომ „ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ ამ ხალხს გავაუქმებთ, მანდატებს გავაუქმებთ და პარტიებს ავკრძალავთ და თვითონ თუ გააკეთებენ, კი ბატონო“. თუმცა ისინი თავადაც აღიარებენ, რომ ვიღაც მაინც უნდათ, რომ პარლამენტში შევიდეს. მათთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა შევიდეს პარლამენტში, არა მათ უბრალოდ უნდათ, რომ რაღაც ნაწილი მაინც იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ამიტომ სიების ჩახსნა კი არ არის მნიშვნელოვანი და მანდატის გაუქმება, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ეს გაკეთდეს ყველას მიერ, ერთობლივად და ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.