სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია შესაძლებლობა, რომ თავდაცვა განახორციელოს და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას, ოღონდ ეს რომ მოხდეს, ამისთვის მინიმუმ, გაზულუქებული, კორუმპირებული თავდაცვის მინისტრი არ უნდა გყავდეს, რომელიც ქართულ ჯარს მატლს აჭმევს საკუთარი ოჯახის გასამდიდრებლად, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს.
„მინდა, თემურ კირბაიას ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ცემით მოკლა. ეს უკვე ჩვენი მეორე მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი ხდებადა. გუშინ, უმრავლესობის წევრმა, ბატონმა დავითულიანმა გამოაცხადა, რა ვქნათ, არ გვაქვს თავი, ძალისმიერი მეთოდებით დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებიო, ანუ ხელისუფლება, რომელიც მუდმივად საუბრობს ომზე და იმაზე, რომ ომის გლობალური პარტია არსებობს, აღმოჩნდა, მოქალაქეებს ეუბნება, რომ ჩვენ არ გვაქვს უბრალოდ ომის თავი, ამიტომ რამდენჯერაც მოკლავენ რუსები ქართველს იმისთვის, რომ ქართველია, თავს ჩავქინდრავთ, ბოდიშს მოვიხდით და ხმას არ ამოვიღებთო. ძალის არ გამოყენების შესახებ განაცხადი საქართველოს დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული, მაგრამ სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია შესაძლებლობა, რომ თავდაცვა განახორციელოს და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას, ოღონდ ეს რომ მოხდეს, ამისთვის მინიმუმ, არ უნდა გყავდეს, გაზულუქებული, კორუმპირებული თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართულ ჯარს მატლს აჭმევს საკუთარი ოჯახის გასამდიდრებლად. ომის თავი არ გვაქვს, ძალისმიერად ჩვენი მოქალაქეების დაცვის შესაძლებლობა არ გვაქვსო, მაგრამ სიტყვის თქმის შესაძლებლობა ხომ გაქვთ? ცრუ წინასწარმეტყველებივით რომ საუბრობთ მაშინ, როცა მშვიდობა არ არის საქართველოს უამრავი მოქალაქისთვის, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი გახდა გასული წლების მანძილზე, ის მაინც ხომ უნდა შეძლოს საქართველოს პარლამენტმა, რომ ხმა ამოიღოს, სიტყვა თქვას, რადგან მშვიდობა, ეშმაკთან დაზავება მშვიდობისთვის, არ არსებობს, ეშმაკს შეიძლება მხოლოდ სული მიჰყიდო. ასე რომ არ იყოს და რუსებზე რომ არ იყოთ მიყიდულები, დღეს, აქ, ამ დარბაზში, საშემოდგომო სესიის უკანასკნელ კვირას, პარლამენტი ორ დოკუმენტზე იმსჯელებდა, ერთი დიახ, ეს იქნებოდა პარლამენტის სიტყვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ქართველების მოკვლას დაუსჯელად მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. მოწოდება ხელისუფლების მიმართ – ამუშავდეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სანქციების მექანიზმი და სხვა ქმედითი ღონისძიებები გატარდეს დამნაშავეების დასასჯელად, მაგრამ არა, ხმას არ იღებთ, ვერ იღებთ.
მეორე, არ ვიცი, ამ დარბაზში შეიძლება ვინმე ზის, რომელსაც სჯერა, რომ ამ ქვეყნის, თქვენი, თქვენი შვილების, შვილიშვილების ბედი არ წყდება უკრაინაში? დღეს, როცა უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, საკუთარი და ჩვენი გადარჩენისთვის, გასაოცარია, რომ საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებიც უნდა გახსნას ევროკავშირმა, სამხედრო და ფინანსური დახმარებაც უნდა გამოუყოს ევროპამაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, ამის ნაცვლად, გვესაუბრებით იმაზე, რომ პუტინის მოკავშირე ურბანი უკრაინას ბლოკავს, მაგრამ ჩვენ არაო და ამაზე ნიშნის მოგებით საუბრობთ. ძალიან ხშირად გწყინთ, როცა ვამბობთ, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებით და არა ქართველი ხალხის. სამწუხაროდ, მიმდინარე კვირას, ამ პარლამენტში, შესაძლებლობა ეძლეოდა პარლამენტს, ეჩვენებინა მრავალპარტიული, ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვისაც, უკრაინისთვისაც და ჩვენი მოქალაქეების დაცვის უზრუნველყოფისთვისაც, მაგრამ ამის ნაცვლად აგრძელებთ ზიზღის და ტყუილების კამპანიას. ამიტომ ვამბობთ, რომ თქვენ ემსახურებით რუსეთს და არა ჩვენს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“, – განაცხადა სამადაშვილმა.