სალომე სამადაშვილი საფრანგეთის სენატში მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე -იმედია, სენატი დროულად მიიღებს რეზოლუციას და ეს საფუძვლად დაედება შემდგომ ქმედებას უკვე აღმასრულებელი შტოდან ივანიშვილზე წნეხის გაზრდის უზრუნველსაყოფად

იმედი მაქვს, რომ სენატი დროულად მიიღებს რეზოლუციას და ეს საფუძვლად დაედება შემდგომ ქმედებას უკვე აღმასრულებელი შტოდან ბიძინა ივანიშვილზე წნეხის გაზრდის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საფრანგეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადებაზე.
სამადაშვილის შეფასებით, დროა, რომ ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ თავად განსაზღვროს სანქცირების პოლიტიკა „რეჟიმთან მიმართებით“.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც დღეს ევროკავშირში მიდის. მას შემდეგ, რაც რუსებმა დაბლოკეს ივანიშვილის სანქცირება ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით საკუთარი მოკავშირეების მიერ, ახლა დროა, რომ ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ თავად განსაზღვროს სანქცირების პოლიტიკა ამ რეჟიმთან მიმართებით. სწორედ ამ პროცესის დასაწყისს ვუყურებთ ჩვენ საფრანგეთში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ევროკავშირში, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის პირდაპირი ფინანსური და სხვა ინტერესები უკავშირდება ამ სახელმწიფოს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ სენატი დროულად მიიღებს აღნიშნულ რეზოლუციას და ეს საფუძვლად დაედება შემდგომ ქმედებას უკვე აღმასრულებელი შტოდან ბიძინა ივანიშვილზე წნეხის გაზრდის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადდა. რეზოლუციის პროექტის წინადადება „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას“. ამასთან, საფრანგეთის სენატი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.
რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ „ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, სა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას“.
რეზოლუციის თანახმად, „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებას ადასტურებს“.