თვითგამოცხადებულ პარლამენტში შექმნილი არალეგიტიმური, რუსული კომისიის დასკვნას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება – დადგება დრო და გამოსაძიებელი სწორედ ამ კომისიის და მათი წევრების საქმიანობა იქნება! – ასე გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის დასკვნით სხდომას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილის აზრით, კომისიის დასკვნის დანიშნულება საქართველოში ყველა პროევროპული პარტიების საქმიანობის შეზღუდვა და აკრძალვა იქნება.
„თვითგამოცხადებულ, არალეგიტიმურ პარლამენტში არალეგიტიმური რუსული კომისია მუშაობს. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ამ კომისიას არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, არამედ იმიტომაც, რომ კომისია შექმნილია კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ყველა წესის დარღვევით.
ამიტომ ამ კომისიის დასკვნას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. დადგება დრო და გამოსაძიებელი სწორედ ამ კომისიის და მათი წევრების საქმიანობა იქნება.
რუსული კომისია შექმნილია ერთადერთი მიზნით – კომისია ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად შეიქმნა. კომისიის დასკვნას ეს დანიშნულება ექნება, რომ საქართველოში ყველა დემოკრატიული და პროევროპული პარტიის საქმიანობა შეიზღუდოს და შემდგომ აიკრძალოს. ასეთია რუსეთის დავალება!
თეა წულუკიანის და მისი რუსული კომისიის დასკვნას ერთადერთი ფუნქცია აქვს – ეს არის რუსეთის ინტერესების მომსახურება.
სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ამ კომისიას ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, ჩვენი პარტიის ორი ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსული რეჟიმის მიერ საპატიმროში არიან გაგზავნილი. ისინი ამ რუსულ ფარსში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დასაჯეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნითი სხდომა გამართა, სადაც დასკვნის პროექტი დაამტკიცეს. კომისია დასკვნას საშემოდგომო სესიის დაწყებისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
