სალომე სამადაშვილი: “ოცნების” პროპაგანდა გააცამტვერა მოლდოვის მაგალითმა (ვიდეო)

“ოცნების” პროპაგანდა გააცამტვერა მოლდოვის მაგალითმა” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვას არჩევნებმა აჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, “მათ შორის, როდესაც რუსი ოლიგარქი გებრძვის და მის უკან დგას “.

ჩვენთვის ძალიან საიმედო უნდა იყოს, მე გამახსენდა, 2017 წელს მგონი, მაია სანდუს შევხვდი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში და მახსოვს, რომ საუბარი იყო ძალიან მძიმე იმიტომ, რომ ის იყო იმდენად უიმედოდ განწყობილი მოლდოვის მომავალთან მიმართებაში, რომ ალბათ თვითონაც გაუჭირდებოდა წარმოდგენა, რომ ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებით მოუგრიხა კისერი რუსეთს მისმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ…

მოლდოვამ აჩვენა, რომ ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი, მათ შორის, როდესაც რუსი ოლიგარქი გებრძვის და მის უკან დგას რუსეთი, მთელი თავისი რესურსებით.

“ქართული ოცნება”, მისი პროპაგანდა, ჩემი აზრით, უბრალოდ გააცამტვერა მოლდოვის მაგალითმა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ყველამ დაინახოს, რომ რასაც გეუბნებათ “ქართული ოცნება”, ყველაფერი არის ტყუილი. მოლდოვაში ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას, გაძლიერებას. მათ შორის მოლდოვა უკვე ტრანსფორმირდა იმ ევროპული დახმარების გამოყენებით, უზარმაზარი ფონდების, რომელიც უკვე მიემართება მათი მიმართულებით და რაც უფრო პატარაა ქვეყანა, უფრო სწრაფად განხორციელდება ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რომელიც ხდება ევროპული ფონდების დახმარებით,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.