სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

დღეს ქვეყანაში უპრეცედენტოდ დასუსტებულია ოპოზიციური პოლიტიკური ველი, მაგრამ არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ამ მკვდარ, გარდაცვლილ პარლამენტში საქმიანობის დაწყება რაიმე სახის გამოსავალია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს და პარლამენტში შედის.
როგორც სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, არსებობს შიშები, რომ ვიღაცის პარლამენტში შესვლა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას შესძენს, მაგრამ ეს ხელისუფლება უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია.
„მე ამ შეფასებას ვიზიარებ, რომ ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური წინააღმდეგობის ფლანგი დღეს უკიდურესად დასუსტებულია. ამაზე ღიად უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, თუმცა არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ მკვდარ, გარდაცვლილ პარლამენტში, რომელსაც კონსტიტუცია უკვე მრავალჯერ აქვს დარღვეული, ამ პარლამენტში საქმიანობის დაწყება რაიმე სახის გამოსავალია. ვითარება რომ ურთულესია ამ მოსაზრებას ვიზიარებ, მაგრამ არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ[გახარია საქართველოსთვის] მიიღეს. ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ სწორი იქნებოდა, ისინიც მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მოიქცა დანარჩენი ოპოზიცია. სხვა გზას დაადგნენ ისინი და რას მოუტანს ეს მათ პარტიას, გამოჩნდება. ერთი რამ არის ჩემთვის ცხადი, რომ მათ ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ თავისთვის სასიკეთოდ ვერანაირად ვერ გამოიყენებს. არსებობს შიშები, რომ ვიღაცის პარლამენტში შესვლა, მათ ლეგიტიმაციას შესძენს, მაგრამ ეს ხელისუფლება უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. „ქართული ოცნება“ უკვე ყველანაირად დაცლილია ლეგიტიმურობისგან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილმა გადაცემაში ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მინისტერიალზე შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი და ახალი მექანიზმი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, რომ „ქართული ოცნების“ მთელ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმონ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება.
„სამწუხაროა, რომ რუსების დავალებით რუსების მოკავშირეები ასე მოქმედებენ, პუტინისტები თანამშრომლობენ ერთმანეთთან და იოვაშვილს ჰყავს მფარველები კრემლიდან, რომლებიც იცავენ მის რეჟიმს ევროპული სანქციებისგან. მაგრამ არსებობს ისეთი გადაწყვეტილებებიც, რომელსაც ვერ დაბლოკავს კონკრეტულად ერთი სახელმწიფო. მათ შორის ასეთი სანქცია, რომ „ქართული ოცნების“ მთელ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ, შეეზღუდებათ და წაერთმევათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ახალი შესაძლებლობა, რომელიც შეიქმნა. არ არსებობდა და მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება“ , – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.