გამოქვეყნებული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უზარმაზარი უპირატესობა აქვს ოპოზიციას “ქართულ ოცნებაზე”, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და, პირველ რიგში, საქართველოს დედაქალაქში, რომელიც არის აბსოლუტურად ოპოზიციურად განწყობილი, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, თბილისში გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციას შეექმნება საფუძველი, კიდევ უფრო მეტი ძალით მოითხოვოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
“ჩემთვის კიდევ ერთხელ გაუგებარია, რატომ უნდა ვაჩუქოთ ჩვენ გამარჯვება “ქართულ ოცნებას” იქ, სადაც მას აქვს გარანტირებული მარცხი, მაგალითად, თბილისში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, ვინც აცხადებს, რომ ბოიკოტი არის ბრძოლის სწორი გზა. გადახედოს საკუთარ პოზიციას, შეხედოს, მათ შორის, ამ კვლევას, რომელიც დაარწმუნებს მათ, რომ სრული კონსოლიდაციის პირობებში ჩვენ გარანტირებული გვაქვს თბილისში გამარჯვება, რაც, ცხადია, შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ისედაც მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ კვლევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა არის გამარჯვების ფორმულა და გაუგებარია, ამ გამარჯვების ფორმულაზე რატომ ამბობს დღეს ვიღაც უარს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
