ის სასჯელი, რაც მზია ამაღლობელს მიესაჯა, არაპროპორციული და სასტიკია, თუმცა დავინახეთ, რომ რეჟიმს უკან დახევა მოუწია, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს განაჩენი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა.
„მზია ამაღლობელის საქმე ცდება ერთი ადამიანის გამოწვევას. ეს არის შეუდრეკელი და გმირული ბრძოლის მაგალითი. ეს არის ის საქმე, რომელიც რეალურად ასახავს პოლიტიკური რეჟიმის არსს. იმ რეჟიმის, რომელიც მზადაა გათელოს ადამიანები, რათა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაცია მოახდინოს.
მაინც ვფიქრობ, რომ დღეს მოუწიათ უკან დახევა და ამ საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა.
უარესის მოლოდინი გვქონდა, ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა სასჯელი. ეს უნდა იყოს იმის მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მგონია, ვერ გაბედა რეჟიმმა ორჯერ მეტი ხანგრძლივი ვადით გაეშვა მზია ციხეში ერთადერთი მიზეზით, ხედავენ, რომ მის შეუდრეკელ ბრძოლასთან ერთად, ძალიან შემართებით იბრძვის საზოგადოება, ხედავენ, რამხელა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებისგან. ეს უნდა იყოს სიგნალი ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმეზე და რეჟიმთან ბრძოლაში. საზოგადოების სიმტკიცეს და აქტიურ ბრძოლას შესაბამისი შედეგები მოაქვს. ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ის სასჯელი, რაც მიესაჯა არაპროპორციულია, სასტიკია, თუმცა დავინახეთ, რომ რეჟიმს უკან დახევა მოუწია“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7-წლამდე ვადით.
