„ქართული ოცნება“ მუდმივად ატყუებს საზოგადოებას და რეალურად, მათი განცხადებები არ ასახავს შეხვედრის არსს – ჩვენი მეგობრობის ამოცანაა, ქვეყანამ უზარმაზარი კრიზისი ისე გადალახოს, რომ მინიმალურად დაზიანდეს ქართველი ხალხი, ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ასპექტია,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქვეყანა დღეს, „მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას“.
„ქართული ოცნება“ მუდმივად ატყუებს საზოგადოებას და რეალურად, მათი განცხადებები არ ასახავს შეხვედრის არსს. ეს კარგად ვნახეთ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილმა ძალიან ბევრი ტყუილი უთხრა ხალხს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილი იყო ქართული მხარის განცხადებას.
დღეს, ჩვენ, საქართველო, ვდგავართ, მათ შორის, მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ჩვენი მეგობრების ამოცანა არის, რომ ქვეყანამ გადალახოს ის უზარმაზარი კრიზისი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას ისე, რომ მინიმალურად დაზიანდეს ქართველი ხალხი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ასპექტია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საპირისპიროს უმტკიცებს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის მეგობრები, პარტნიორები და მხარდამჭერები არიან დასავლეთში, რომლებიც არ წყვეტენ გარკვეული მიმართულებით მუშაობას, რადგან ამის შედეგი იქნება უკიდურესი სიღარიბის სწრაფი გაზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის ჩამოშლა. ამიტომ, ის რომ ეკონომიკური ბლოკის მიმართულებით თანამშრომლობა აქტუალურია, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან.
ჩვენ ვიცით, რომ დღეს ვაშინგტონში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ათწლეულის განმავლობაში, პირველად ჩამოყალიბდება ძალიან მწყობრი პოლიტიკა სწორედ, „მეგობარი აქტის“ მიღების გზით წარმომადგენლობით ორგანოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ექნებოდათ სასაუბრო ამერიკულ მხარეს იმ მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს. რეალურად, რამდენიმე თვეში, ახალი რეალობის წინაშე იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების აზრი, როგორ აპირებენ გაუმკლავდნენ ამ ახალ რეალობას, საინტერესოა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის“,- აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. უწყების ცნობით, დავითაშვილი ასევე, აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
