სალომე სამადაშვილი – კორუფციული სისტემა ივანიშვილმა შექმნა და როგორც ბანქოს სახლი ისეა, ერთი რომ გამოაცალო, მთლიანად დაიშლება – არ მაქვს მოლოდინი, რომ რადგან ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი აღარაა, კორუფცია აღარ იქნება

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქის დანიშნული უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი იქნება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
აღნიშნულით ის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის პირველ სხდომას გამოეხმაურა.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, კობახიძეს საზოგადოებისთვის ახალი სათქმელი არ აქვს.
„ჩვენ წინ და საკმაოდ მალე გვაქვს . ამ არჩევნებზე თუ არ შევძელით, რომ ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილება განვახორციელეთ და გავისტუმრეთ ქართული პოლიტიკიდან, ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, პრემიერ-მინისტრს რა ერქმევა. არაფერი ახალი ბიძინა ივანიშვილის მორიგ ქვეშევრდომს, რომელსაც ახლა დაარქვეს პრემიერ-მინისტრი, საზოგადოებისთვის სათქმელი არ აქვს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ იმ ტრაგედიის ფონზე, რომელიც გასულ კვირასაც ვნახეთ, პრემიერ-მინისტრი გამოდის და იმის ნაცვლად, რამე სახის პოლიტიკაზე საუბრობდეს, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება აპირებს, ის საუბრობს, თითქოს, ხელისუფლებამ ყველაფერი საუკეთესოდ მოაგვარა. ხელისუფლებამ, რომელიც ხალხს სტიქიის წინაშე პირისპირ, მარტო მეორეჯერ ტოვებს. სამწუხაროდ, აქ არანაირი ხედვა არ არის.
იგივე შემიძლია ვთქვა კორუფციაზეც, [კობახიძემ] კორუფციაც ბევრჯერ ახსენა საპარლამენტო მოსმენის დროსაც, ამით ფაქტობრივად დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ კორუფციამ ეს ქვეყანა შეჭამა, მაგრამ რეალურად კონკრეტული გეგმა არ მოგვისმენია, თუ რას აპირებს [პრემიერი]. არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა, რომ პენსიონერების მდგომარეობა გაუმჯობესდება. „ქართული ოცნება“ ძალიან მიზანმიმართულად ესხმის თავს „ლელოს“ ჩვენი დაპირებისთვის, რომ პენსია 1000 ლარი უნდა იყოს… ეს არის ყოველგვარ პოლიტიკურ ხედვასა და ეკონომიკურ ხედვას მოკლებული გუნდი“, – განაცხადა სამადაშვილმა.
იქნება თუ არა, კორუფციული თვალსაზრისით კობახიძე განსხვავებული, სამადაშვილი პასუხობს, რომ „ასეთი მოლოდინი არ აქვს“.
„ეს კორუფციული სქემა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და მეტიც, ეს სქემა, სისტემა, რომელზეც მთელი ხელისუფლება დგას, როგორც ბანქოს სახლი, ისეა, ერთი რომ გამოაცალო, მთლიანად დაიშლება. ჩვენ პრობლემა კი არ გვაქვს, რომ მაგალითად, ღარიბაშვილი იყო კორუმპირებული და რადგან ის აღარ არის პრემიერ-მინისტრი, კორუფცია აღარ იქნება, პრობლემა კორუმპირებული სისტემაა. მაგალითად, გომელაურის უწყება, ერთ-ერთი გამორჩეულია ანგარიშებში, როგორც კორუფციის ბუდე, გომელაურისთვის შეკითხვის დასმის უფლებაც არ მომცეს, სხდომა დამატოვებინეს, როგორც კი მის უწყებაში კორუფციაზე დავიწყე საუბარი. პოლიტიკური კორუფცია ბიძინა ივანიშვილმა ააყვავა, კობახიძე და სხვები ფიქრობენ, თვითონ რაღაც ბიზნესთან კავშირში თუ არ იქნებიან მხილებული, ამიტომ კორუფციის მიღმა არიან, ეს ასე არ არის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე გამოეხმაურა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებსაც.
„კობახიძის ხელწერა ტყუილების საუბარია და ამაში მას მთელი პროპაგანდისტული აპარატი ეხმარება. საინტერესოა, მთელი ეს გადაადგილებები, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომი და „იმედის“ საინფორმაციო სამსახური შერწყმული რომ არის, კიდევე ერთხელ დავინახეთ… არჩევნების მიმართ პირველ რიგში, ნდობა უნდა შედგეს, არჩევნები პოლიტიკური პროცესია, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაც პოლიტიკური პროცესია, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესები ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, რადგან პოლიტიკური ვითარება, სპეციფიკა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ამიტომ, რეკომენდაცია, რაც ვენეციის კომისიამ მოგვცა, მიშელის შეთანხმების პრინციპების საფუძველზე იმ პოლიტიკურ რეალობას ეფუძნება, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა არ არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის განმტკიცების მიზნით, ჩვენმა მეგობრებმა გვირჩიეს, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაღალი ნდობით იყოს შერჩეული.
როგორ შეიძლება ვერ მოვძებნოთ ადამიანი საქართველოში, რომელსაც როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის ნდობა ექნება, რომელსაც შეეძლება ტექნოკრატიულად გამართული არჩევნების ჩატარება. საქართველოს 10 მოქალაქიდან 7 ამბობს, რომ აღარ შეიძლება კობახიძემ და ივანიშვილმა ქვეყანა მართონ, რადგან ქვეყანა გააღატაკეს, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მან არ იცის ეკონომიკა, ამიტომ ეკონომიკაზე საუბრის დროს, ბევრი სისულელე წამოსცდება ხოლმე, მათ შორის, წამოსცდა ასეთი სისულელე, როცა გვჭირდება, ნომინალური ზრდის ციფრებს ვიყენებთო, რეალურად ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, ფასების კატასტროფული ზრდაა.
ფორმალობაა, კობახიძე ჩავა ბრიუსელში თუ არა, საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს, რით ჩადის, რა უნდა უთხრას? ევროკავშირის გაფართოების დირექტორატის წარმომადგენლებმა რომ გვითხრეს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მიიღეთო, ამის საწინააღმდეგო რეკომენდაციები მივიღეთო და უნდა აუხსნას, რატომ გააკეთა? ამის ახსნა და ამის მოსმენა არავის აინტერესებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხალხი რას ამბობს, ჩვენ უნდა შევხედოთ, რას აკეთებენ ისინი“ , – განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ