სრული შიდა კონსოლიდაცია, საზოგადოების დაშინება და საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, ჩიხში, საიდანაც კარგი გამოსავალი არა აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ უახლოეს მომავალში-, ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი “ფეისბუქზე” წერს.
მისი თქმით, “რეჟიმის მხრიდან ყველა სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია”.
“ივანიშვილის ავტოკრატიის კონსოლიდაციის მცდელობის სამი ღერძი იკვეთება დღეს:
1. რეჟიმის სრული შიდა კონსოლიდაცია (შიდა კლანების განადგურება და ტერორის დამყარება ქოცების მმართველ ვერტიკალში). აქ მთავარი სამიზნე ის ხალხია, ვინც შესაძლოა დამოუკიდებლად ეთანამშრომლება დასავლეთს ან რუსეთს. მნიშვნელობა არა აქვს, რომელს, რადგან ივანიშვილს ორივესი ეშინია. ლილუაშვილს დიდი ხნის წინ შექმნილი ხაზი აქვს ამერიკასთან, მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი პირი იყო. ფარცხალაძეს და ღარიბაშვილს შესაძლოა, საკუთარი, კობახიძისგან დამოუკიდებელი გზები აქვთ რუსებთან. თუმცა ღარიბაშვილი, სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, არ გამოვრიცხავ, დასავლეთთანაც ხაზზე იყოს. ივანიშვილი ანადგურებს ყველას, რადგან იცის, რეჟიმს წინ დასავლეთისგან მხოლოდ სანქციები ელოდება. რუსეთისგან კი, სულ უფრო მზარდი ზეწოლა, დემოკრატიის საბოლოო განადგურების მიზნით. შესაბამისად, ყველა დამოუკიდებელი კავშირების მქონე ყოფილი მონა საშიშია მისთვის.
2. მეორე ღერძია საზოგადოების დაშინება, ყველა დამოუკიდებელი მოთამაშის განადგურება – პარტიების გაუქმება, ადამიანების “აკრძალვა”, განათლების სისტემაში დარჩენილი დამოუკიდებლობის ხარისხის გაუქმება, აქციების მონაწილეების მიმართ კანონის გამკაცრება, შუაღამის დაჭერები, საზღვარზე გასვლისას ადამიანების შეფერხება და სხვა. რეჟიმის მიზანია, უახლოეს თვეებში დატოვოს ქვეყანა ხალხმა, ვინც არ ეგუება მას. რაც უფრო დიდია რეპრესიული მანქანის საფრთხე, მით მეტი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს”. რეჟიმთან დაპირისპირება თუ პოტენციურად ქვეყნიდან გასვლაშიც დაგაბრკოლებს, ვინც დღეს არაა მზად წასასვლელად, თავს შეიკავებს წინააღმდეგობისგან, რომ ქვეყნის დატოვების შანსი მაინც შეინარჩუნოს. ახალგაზრდების წასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეჟიმისთვის. რაც მეტი, მით უკეთესი და სწრაფად. ესაა და ეს ე.წ. განათლების რეფორმის ამოცანა. ივანიშვილის ისტერიულად ეშინია, რომ რუსები არ აპატიებენ აქციების გაგძელებას, აქციები უნდა დაასრულოს, სწრაფად. ესაა რუსების მოთხოვნა.
3. საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება – ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის “დასჯა” ჯარიმით, პრეზიდენტ ტრამპზე “დიფ სთეითის” “გამარჯვების” პროპაგანდა, ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან ქვეყნის ჩახსნის გეგმის გამოცხადება და სხვა. რეჟიმმა იცის, რომ წინ სანქციების გამკაცრება ელოდება. ახლავე უნდა განამტკიცოს განცდა, რომ არანაირ ზეწოლას არ ექვემდებარება. დასავლეთში არსებობს აზრი, რომ როდესაც რეჟიმი სრულად ავტოკრატიულია, სანქციებს მასზე ზეგავლენა ნაკლებად აქვს. ივანიშვილი დღეს ცდილობს დაამტკიცოს, სანქციებს მასზე ზეგავლენა არ ექნება. რუსებსაც აჩვენებს, დასავლეთის ზეწოლას არ ექვემდებარება. სინამდვილეში კი, ვაშინგტონში იურისტები დაიქირავა, სანქციებისგან თავის დასაცავად. ეშინია, თანაც როგორ ეშინია.
მოკლედ კი, ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, ჩიხში, საიდანაც კარგი გამოსავალი არა აქვს. ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ უახლოეს მომავალში. მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია. საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, განუკურნებელია სენია, რომელიც ადრე თუ გვიან, ყველას დაასრულებს. სამწუხაროა, რომ რეჟიმის გარდაცვალების ყოველი დღით გადადება, ქართული საზოგადოების ჯანმრთელ სხეულსაც აზიანებს…მაგრამ სამი ათწლეული არაა სამი წელი, დღეს ჩვენი საზოგადოება გაცილებით ძლიერია”,- წერს სამადაშვილი.
