ჰელსინკის კომისიის გზავნილი არის, რომ დღეს საქართველოს ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი რეჟიმი მართავს – გარდა რუსეთისა, ივანიშვილის პოლიტიკა პირდაპირ აძლიერებს, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ხედავს, ამერიკის საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში ორ მთავარ მოწინააღმდეგეს – ჩინეთსა და ირანს,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება „სახიფათოა“ იმიტომაც, რომ „თანამშრომლობს და სტრატეგიული თანამშრომლობა გააფორმა ჩინეთთან“.
„ჰელსინკის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ გარდა რუსეთისა, ივანიშვილის პოლიტიკა პირდაპირ აძლიერებს, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ხედავს, ამერიკის საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში ორ მთავარ მოწინააღმდეგეს – ჩინეთსა და ირანს. შესაბამისად, ეს რეჟიმი მხოლოდ იმ თვალსაზრისით არ არის სახიფათო, რომ რუსეთის დავალებებს ასრულებს და მას ემსახურება. არამედ იმითაც, რომ ის ასევე, თანამშრომლობს და სტრატეგიული თანამშრომლობა გააფორმა ჩინეთთან. ჩვენ გვახსოვს ირანში ჩასული კობახიძე, რომელსაც გვერდით ედგა ტერორისტული დაჯგუფებების ხელმძღვანელები. ისინი, ფაქტობრივად, ამერიკის მიერ ოფიციალურად აღიარებულები არიან, როგორც ამერიკის მიმართ მტრული დაჯგუფებები. მარტივად რომ ვთქვათ, ჰელსინკის კომისიის გზავნილი არის, რომ დღეს საქართველოს მართავს ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი რეჟიმი“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გარდა ამ თემისა, სამადაშვილმა ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტში და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „ქართველი ხალხის ხმას“ წარმოადგენდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამოსვლა იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ქართველი ხალხის ხმას წარმოადგენდა და მისი გზავნილი სტრასბურგში ჩაიტანა. იმ ხალხის, ვინც დღეს მთავარი ძალაა იმისათვის, რომ თავდასხმა შეკავდეს ჩვენს სახელმწიფოზე, რომელსაც რუსეთი ივანიშვილის ხელით ახორციელებს. ქართველებს გვიუქმებენ ევროპულ მომავალს და სახელმწიფოს. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად უპერსპექტივოდ და უსახელმწიფოდ გვტოვებენ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს შეხვედრა აჩვენებს, რომ ივანიშვილი ხვდება, მას „ასეთი კრიზისი გასული 12 წლის განმავლობაში არ ჰქონია“.
„კომპლექსურად უნდა შევხედოთ რა ხდება დღეს ევროკავშირში ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვანიშვილი არავის ხვდება და არ ესაუბრება. დღეს იმ დონეზეა მისული, რომ ევროსაბჭოს გენმდივანსაც კი ხვდება. ის აქ ჩამოსულია იმისთვის, რომ ევროსაბჭოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადოს. ივანიშვილი რომ მას ხვდება, ეს აჩვენებს რომ თავადაც ესმის, ასეთი კრიზისი მას არასდროს ჰქონია გასული 12 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, ის უნდა მიხვდეს, რომ რეალურად, არ ფლობს ინფორმაციას. კარგია, რომ მაკრონის ზარსაც უპასუხა, თუმცა ამით ადასტურებს, რომ ის არის ამ ქვეყნის დე-ფაქტო, არაფორმალური მმართველი. გენერალურ მდივანსაც რომ შეხვდა, კარგია. მისგან, ალბათ, მოისმენდა რომ დღეს შეჩერდა კანდიდატის სტატუსი. რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი პროცესი აღარ მიდის. მთელი რიგი ქვეყნები აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, რამდენად შეიძლება გაგრძელდეს ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობა და ეს კაცი აქ ჩამოსულია იმისთვის, რომ ეს გაარკვიოს”, – აღნიშნა სამადაშვილმა.