სალომე სამადაშვილი – ვინმემ დამიდოს გეგმა და წამზომი ჩართოს, როგორ აპირებს პუტინის რეჟიმის დამარცხებას – ეს არის ბრძოლა, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, თუ ვინმეს აქვს იდეა, ჩვენ ღია ვართ

ეს არ არის ბრძოლა, რომლითაც ხვალვე ჩამოიშლება ივანიშვილი. ეს არის ბრძოლა, რომელიც მოითხოვს მიზანმიმართულ, სტრატეგიულ ბრძოლას და მოთმინებას – თუ ვინმეს აქვს იდეა თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ნებისმიერი იდეისთვის ღია ვართ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საპარლამენტო ს შედეგებზე და ოპოზიციის პროტესტზე საუბრისას აღნიშნა, მას ესმის საზოგადოების სიბრაზის და ყველას მოუწოდებს, რომ ახლა არ არის ერთმანეთის მიმართ „თითის გაშვერის“ დრო, რადგან ახლა მთავარია ერთად დგომა.
„ქართული ოცნების“ ამოცანაა, ქვეყანაში ოპოზიციამ არ იარსებოს. მათ არჩევნებამდე გასაგებად გვითხრეს, რაც უნდათ – ოპოზიციამ ქვეყანაში არ იარსებოს. დამიდოს გეგმა ვინმემ, როგორ აპირებს პუტინის რეჟიმის დამარცხებას. წამმზომი ჩართოს და გეგმა გაწეროს, როგორ აპირებს პუტინის რეჟიმის დამარცხებას. რეჟიმია, საქართველოს მართავს რუსული რეჟიმი. მე მესმის ხალხის სიბრაზის. ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან ეს ხალხი, რომლებიც გაბრაზებულები არიან. ჩემი აზრით, მათი გაბრაზების მთავარი წყარო არის კოშმარი, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამომრჩეველს გააზრებული აქვს, აბა, ამ ქვეყნის მომავალი 100 ლარად რომ გაყიდა და რუსეთს ჩააბარა, მას კი არ აქვს. მე ამ ხალხის სიბრაზის მესმის, ეს სიბრაზე გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანა კატასტროფის წინაშეა. ყველას მინდა მოვუწოდო, ახლა არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთის მიმართ თითი გავიშვიროთ, არამედ ერთად უნდა დავდგეთ.
ჩვენ გთავაზობთ მოქმედების გეგმას: გვქონდეს ქუჩის პროტესტი, ამის პარალელურად გავზარდოთ დასავლეთიდან წნეხი, მობილიზაცია გავუკეთოთ საზოგადოებრივ აზრს, სამართლებრივი გზითაც ვიბრძოლოთ. ეს არ არის ბრძოლა, რომლითაც ხვალვე ჩამოიშლება ივანიშვილი. ეს არის ბრძოლა, რომელიც მოითხოვს მიზანმიმართულ, სტრატეგიულ ბრძოლას და მოთმინებას. თუ ვინმეს აქვს იდეა თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ნებისმიერი იდეისთვის ღია ვართ. ჩვენ ვგეგმავთ ბევრი შეხვედრა ჩავატაროთ და ვესაუბროთ ხალხს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის განმარტებით ოპოზიციის გეგმაა არ მოხდეს არჩევნების აღიარება.
„ახლა ჩვენი ამოცანაა, არ შედგეს ამ არჩევნების აღიარება. ყოველდღე ისეთი ინფორმაცია შემოდის, რომ „ქართულ ოცნებას“ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მიულოცავს გამარჯვებას. ესენი იქნებიან გარიყული და ნახევრად ლეგიტიმური მთავრობა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ბევრი რამ შეჩერდება და ეს რეჟიმი დაიწყებს ჩამოშლას. ეს აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ