სალომე სამადაშვილი – ეს არჩევნები კი არ არის, ეს არის ბრძოლის ველი, რომელშიც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს – ეუთო-ს მიმართვაც ხელისუფლებისადმი ადასტურებს, რომ ასე ხედავენ თვითმმართველობის არჩევნებს

ეუთო-ს განცხადება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ: „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელსაც რეალურად, არანაირი დემოკრატიული ფასადის შექმნა არ სურს არჩევნებზე – ეს კი არ არის, არამედ ბრძოლის ველი, რომელშიც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ეუთო/ოდირის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ეუთო/ოდირის მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ მოიწვიოს მისი სადამკვირვებლო მისია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე იმას ადასტურებს, რომ ეუთო ამ არჩევნებს ხედავს, როგორც „მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის გამართვის არეალი“.
„ეუთო-ს განცხადება, რომელშიც ის შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურად არ მიუწვევია დაკვირვებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც რეალურად, არანაირი დემოკრატიული ფასადის შექმნა არ სურს არჩევნებზე. ეს არჩევნები კი არ არის, ეს არის ბრძოლის ველი, რომელშიც ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს და არ უნდა თქვას უარი ამ ბრძოლის ველზე. ეუთო-ს მიმართვა ხელისუფლების მიმართ, რომ მოიწვიოს მისი სადამკვირვებლო მისია, ასევე ადასტურებს იმას, რომ ეუთოც სწორედ ასე ხედავს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის გამართვის არეალი. ამიტომ, ახლა კი არ აცხადებს ამ არჩევნებს არალეგიტიმურად წინსწრებით, არამედ მიმართავს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს სადამკვირვებლო ფუნქციების განხორციელება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ პირწმინდად აგებს მნიშვნელოვან პოზიციებს ადგილობრივ არჩევნებზე და იმდენად არის შეშინებული, რომ არც კი სურს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მის ხელისუფლებას“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირის განცხადებით, ის „ღრმა შეშფოთებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, თვითმმართველობის არჩევნებზე გაგზავნოს მისია, თუ ხელისუფლება „დროულად გააგზავნის მოწვევას“.