ნათია თურნავა საკუთარი განცხადებებით კანონდამრღვევ რეციდივისტად ჩამოყალიბდა , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“.
სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ბანკებისა და ფინანსური სისტემის მიმართ „ყველანაირი მოძრაობა“ „ეკონომიკური ჩამოშლის ცუნამს გამოიწვევს“.
„ჩვენ გვახსოვს ფარცხალაძესთან მიმართებაში მისი მოქმედება იყო აბსოლუტურად აცდენილი საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს. სწორედ ამიტომ ვიყავით მისი გადადგომის ინიციატორი, მაშინ შესაბამისი აქციაც გაიმართა ამ მოთხოვნით. თურნავას ეს განცხადება არის გაგრძელება იმ ხაზის, საქართველოს კანონისა და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ხაზის, რომელსაც ატარებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი დღეს ფაქტობრივად ჯიბეში უზის [„ქართულ ოცნებას“] პოლიტიკურად მართული ინსტრუმენტია. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა ფარცხალაძის შემთხვევაში, მას ფარად გადაეფარა მთელი სახელმწიფო სისტემა, ერთი ადამიანის შემთხვევაში უფრო მარტივია შექმნა სასათბურე პირობები, მისცე შანსი, რომ გადამალოს ქონება, სანქციებს თავი აარიდოს, მაგრამ როდესაც საუბარი არის ტელევიზიებზე, რომლებმაც ფუნქციონირება უნდა გააგრძელონ, მათ მოუწევთ კონტრაქტების დადება, ხელფასების გადახდა, ძალიან რთულად წარმომიდგენია განგრძობითად როგორ შეიძლება შეუქმნას ამ რეჟიმმა ეს პირობები საკუთარ საინფორმაციო საშუალებებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერს ეცდებიან, თუმცა მგონია, რომ შეზღუდულია შესაძლებლობები.
რაც შეეხება ბანკებს და ფინანსურ სისტემას, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ყველანაირი მოძრაობა, რომელიც შეეხება იმ ფუნდამენტს, რაზეც დგას ძალიან სუსტი ეკონომიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ვფიქრობ, ეკონომიკური ჩამოშლის ისეთ ცუნამს გამოიწვევს, რომ არ მგონია, ამ ხელისუფლებას მსგავსი სისულელის გაკეთების რესურსი ჰქონდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “იმედი” და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათიამ თურნავამ სანქციებზე საუბრისას განაცხადა: „კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“.




