სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა

მაქვს ეჭვი, რომ ყბადაღებული არაბული ინვესტიცია სინამდვილეში არის სანქცირებული რუსული ფულის გათეთრების საშუალება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, მსგავსი ქსელების გამოყენებით, „ფულის გარეცხვა“ ხდება.
სამადაშვილმა ისაუბრა ევროპული სტრუქტურებიდან საქართველოს მიმართ მოწოდებების კონტექსტშიც, მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან არა ს მიმართ სანქციების დაწესებას, არამედ იმ ეკონომიკურ-სავაჭრო და ექსპორტის რეჟიმის შექმნას ითხოვს რუსეთთან, რომელიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას იმისგან, რომ ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოიყენება არ მოხდეს სანქციებისგან თავის ასარიდებლად.
„სინამდვილეში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეალურად, ის სანქციები, რომელიც მიღებული იქნა ევროკავშირის მიერ, დაცული იქნას ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა დროს, მათ შორის, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაჟონილი ინფორმაცია ე.წ. მეორად გადაყიდვებზე და საქართველოდან რეექსპორტზე.
ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს რაც არის, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნავთობის სანქცირების თვალსაზრისით, უკვე გააფართოვა სანქციების ქსელი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი, რაც ადგება რუსეთს, ეს არის სწორედ ნავთობზე დაწესებული სანქციების გამოყენებით. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველოში ოპერირებენ სხვადასხვა ბიზნესები, რომლებიც რუს პარტნიორებთან ერთად სანქცირებულ რუსულ ნავთობს „რეცხავენ“ იმისთვის, რომ გადაიყიდოს იმ ბაზრებზე, სადაც ის სხვანაირად ვერ შევიდოდა.
იგივე ეხება ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას იმისთვის, რაც შედის რუსეთში. ეს სერიოზული გამოწვევაა იმიტომ, რომ შესაბამისი კვლევები აჩვენებს, რომ დღემდე რუსეთში შედის ის ორმაგი დანიშნულების, სხვადასხვა გამოყენების საშუალებები, რომელსაც ისინი შეიარაღების შექმნაში იყენებენ. ერთ-ერთი სავარაუდო წყარო, საიდანაც შედის, ეს არის საქართველო. ამას ამბობს ევროკავშირი. რატომ არ არის მსგავსი მოწოდება მოლდოვას მიმართ სანქციებთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მოლდოვა თანამშრომლობს ევროკავშირთან, გაცილებით უფრო დიდი წარმატებით, იმისთვის, რომ უფრო დაცული იყოს ის სანქციების რეჟიმი, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს. საქართველომ რა სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს? სანქციები კი არ უნდა დაუწესოს, საქართველომ უნდა შექმნას ის ეკონომიკურ-სავაჭრო და ექსპორტის რეჟიმი რუსეთთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაიცავს იმისგან, რომ ჩვენი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოიყენება არ მოხდეს სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, სამადაშვილმა ისაუბრა საქართველოში დაანონსებულ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით და თქვა, რომ აღნიშნულიც არის სანქცირებული რუსული ფულის გათეთრების საშუალება.
„მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ყბადაღებული არაბული ინვესტიცია სინამდვილეში არის სანქცირებული რუსული ფულის გათეთრების საშუალება. ფულის გარეცხვა ხდება ამ ქსელების გამოყენებით იმიტომ, რომ გაურკვეველია, რატომ ვერ შედგა გამჭვირვალეობა ამ პროექტთან დაკავშირებით და მძაფრი რეაქცია აქვს ხელისუფლებას გამჭვირვალეობის ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ იქ, გარდა არაბული ინტერესებისა, მე ვფიქრობ, არის სერიოზული რუსული სანქცირებული აქტივების ინტერესებიც“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან