სალომე სამადაშვილი – დღევანდელი დღე სევდიანი და მძიმეა, საქართველო იმასაც კარგავს, რაც ჰქონდა – დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ

დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პატარა საქმე არ არის, რადგან, რეალურად, ეს პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცმაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი რომ ჩატარებულიყო, დღეს მიიღებდნენ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას.
„დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან სევდიანი და მძიმეა, რადგან ქვეყანაში რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარებულიყო, საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, იანვრიდან ამ მიმართულებით უკვე აქტიური მუშაობა დაიწყებოდა და ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო იმასაც კარგავს, რაც ჰქონდა. დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება პატარა საქმე არ არის. რადგან რეალურად, ეს პირველი ეტაპია უვიზო მიმოსვლის საბოლოო გაუქმებისკენ იმიტომ, რომ როდესაც უვიზო მიმოსვლა შემოვიდა, ჯერ დიპლომატიურ პასპორტს შეეხო და შემდეგ ყველას“, – განაცხადა სამადაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა იყოს შემდეგი ნაბიჯი ფინანსური სანქციები, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ამის შანსი არსებობს.
„რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ესენი უკვე „გასული არიან“. მათ თავად გადაწყვიტეს, რომ გავიდნენ საერთაშორისო ლეგიტიმური სივრციდან. სანქციები იწყება ყველაზე წვრილი და არამტკივნეული სანქციებით და შემდეგ მიდის გაზრდისკენ. ასე ხდება რეჟიმებზე ზეწოლა. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ვინც ამ რეჟიმის სამსახურშია ჩაწერილი, ძალიან კონკრეტული ინტერესები აქვთ. მოხდება ამ კონკრეტული ინტერესების ტარგენტირება და შემდეგ მშვენივრად მოსხდებიან ახალ არჩევნებზე სალაპარაკოდ თუ რა თქმა უნდა, მზად არ არიან, რომ იქამდე ქვეყანა რუსეთს ჩააბარონ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.