სალომე სამადაშვილი – დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები, როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია

დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს , როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, მარშის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ქართველმა ხალხმა ევროკავშირს უნდა შეახსენოს, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაატარებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს და ზეწოლა განახორციელონ „რუსულ რეჟიმზე“, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გაგვიუქმოს.
„დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხვალ ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, სადაც შეიკრიბება ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმსჯელებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და ფაქტობრივად, ეს შეხვედრა დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის რეაქციას იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა არჩევნებზე, რომელმაც შეუძლებელი გახადა ჩვენი ევროპული მომავლის გაგრძელება. ჩვენ, იმ 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ამ არჩევნებში ერთობლივად გავიმარჯვეთ, გავუგზავნეთ ერთობლივი წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სადაც მოვუწოდეთ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოში ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლას და დღეს ვფიქრობ, რუსთაველზე შეკრებილმა ხალხმა იგივე გზავნილი უნდა გააჟღეროს ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის უკვე საქართველოს მთავარი მოედნის ქუჩებიდან. კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები, როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია და მივმართოთ მათ შორის, იმაზე, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაატარებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს და ზეწოლა განახორციელონ „რუსულ რეჟიმზე“, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენ ევროპული მომავალი გაგვიუქმოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.
აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც. “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები და მხარდამჭერები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. ცნობილია, რომ “ძლიერი საქართველოს” ლიდერები და მხარდამჭერები კი მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივლენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს