სავარაუდო ღია ღალატთან გვაქვს საქმე – დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა არის დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმისა შესახებ, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა სავარაუდოდ, რუსეთის მოთხოვნა იყო.
„მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ თუ არა ის, რომ რუსეთის მოთხოვნა იყო, მას რაღაც ოფიციალური სტატუსი ჰქონოდა. სხვა შემთხვევაში რაში სჭირდებოდათ? სამწუხაროდ, ისედაც ხომ აკონტროლებენ ჩვენს ვითარებას, ინფილტრირებულია ისედაც შესაბამისი სამსახურები. როგორც ჩანს, ეს იყო რუსეთის მოთხოვნა. ჩვენ არ ვიცით თვითონ ეს ადამიანი რაში იყენებდა ამ სტატუსს. მისი ბიზნეს საქმიანობა საკმაოდ საეჭვო ხასიათისაა. შესაძლოა, მას ეს სტატუსი თავად სჭირდებოდა საკუთარი ბიზნეს ინტერესების განსახორციელებლად. ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებთან რომ ამას საერთო ვერაფერი ვერ ექნებოდა, ამაზე, მე მგონი, ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის თქმით, დავით ხიდაშელის ბიზნესი რუსეთის შემაიარაღებელ „შავბნელი ინდუსტრიასთანაა“ დაკავშირებული.
„დავით ხიდაშელი ნავთობს, გაზს ან რაიმე მსგავსს კი არ უკავშირდება, ის იყო იმ ბიზნეს სქემაში, რომლის მეშვეობითაც იარაღით მარაგდებოდა სირია, ჩრდილოეთ კორეა და თვითონ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი. ის ყველაზე შავბნელი ინდუსტრიის წარმომადგენელია, რომელიც პირდაპირ პუტინის რეჟიმის შემაიარაღებელია. სწორედ ამიტომ დაუწესდა სანქციები დიდი ბრიტანეთის მიერ მის ბიზნეს პარტნიორს. ამ ადამიანის ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან მტრული სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მიღების გაადვილება და სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი ქმედებების ხელშეწყობა და ა.შ. აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსში და ისჯება შესაბამისის მუხლებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.
უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.