ხელისუფლების მიზანია ქართული საზოგადოების გაწმენდა არასასურველი ელემენტის-მოაზროვნე, კეთილსინდისიერი და პატრიოტი მოქალაქეებისგან, – ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმები შინაარსით იგივეა რაც ბოლშევიკების მიერ ქართული საზოგადოებას „ვაგონებში ჩაყრა და დახვრეტა“.
„ბოლშევიკები უფრო სწრაფად გაუსწორდნენ ქართულ საზოგადოებას-ვაგონებში ჩაყარეს და დახვრიტეს. ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში – დაუმორჩილებელი აკადემიური დაწესებულებების განადგურება, დამოუკიდებელი დაფინანსების კრიმინალიზაცია, ბიზნესის ტერორი და ა.შ. შინაარსით ანალოგიური აქტია.
მიზანი იგივეა-ქართული საზოგადოების გაწმენდა არასასურველი ელემენტის-მოაზროვნე, კეთილსინდისიერი და პატრიოტი მოქალაქეებისგან. ამოცანა გასაგებია – მათი დატოვება არსებობის შესაძლებლობების გარეშე, იძულება, წავიდნენ ქვეყნიდან ან რეჟიმს ემსახურონ.
განწირულია ეს მცდელობა – „არასასურველი ელემენტი“ მგონია, რომ საკმარისად ბევრია. აკადემიურმა საზოგადოებამ კი, იმედია, სოლიდარობის ფასი დაინახა – მდუმარედ არ მიიღებს აკადემიური სივრცის რეჟიმისთვის დამორჩილების მორიგ მცდელობას“, – წერს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – მედიცინის სპეციალობებზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე
სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.
შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.




