„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ 76 ხმა, რომელიც ხელისუფლების ფორმირებისთვის არის საჭირო, ოპოზიცია შეკრებს.
როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ლელოს“ ამოცანაა 76 ხმაში, რაც შეიძლება მეტი ხმა იყოს „ლელოსი“.
ამასთან, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ლელო“ არ აპირებს რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას.
მისივე თქმით, „ლელოს“ არ აქვს სხვისი იმედი, ამის პარალელურად, „ლელოს“კარი ღიაა სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობისთვის.
„გაერთიანებას ვინმესთან არ ვაპირებთ. კოალიციური მმართველობა იმას კი არ ნიშნავს, რომ არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიები ერთიანდებიან. ბოდვაა და სისულელეა „ქართული ოცნების“ პოსტულატი, რომ მთელი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობაა“. მთელი ოპოზიცია , რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“. ყველაზე უფრო მეტად მათ ეშინიათ, იმ 76 ხმის, რომელიც ხელისუფლების ფორმირებისთვის არის საჭირო – გადანაწილდება იმგვარად, რომ 76 ხმას ოპოზიცია შეკრებს, ოღონდ ვის რა წილი ექნება, განსაზღვრას არჩევნები. ჩემი პარტიის ამოცანა არის ის, რომ 76 ხმაში, რაც შეიძლება მეტი ხმა იყოს „ლელოსი“.
ჩვენ არ გვაქვს სხვისი იმედი, ჩვენ გვაქვს ჩვენი თავის იმედი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, სათქმელი – ამაში ვხარჯავთ ჩვენს დროს და რესურსებს. ამის პარალელურად, თანამშრომლობისთვის ჩვენი კარი ღიაა სხვა ოპოზიციურ ძალებთან“, – განაცხადა სამადაშვილმა.
კითხვაზე, თუ „ლელო“ არ აპირებს პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებას, მაშინ რა ტიპის თანამშრომლობისთვის არის კარი ღია, სამადაშვილი პასუხობს, რომ გეგმებზე.
„მაგალითად უნდა შევთანხმდეთ სამოქალაქო გეგმაზე. შეიძლება მე ვიღაც მესიმპათიურება, ვიღაც არა, მაგრამ პოლიტიკური იდეები მათთან იყოს აცდენაში.
მე საერთოდ არ მაინტერესებს ბარიერის გადალახვა, მე მაინტერესებს ხელისუფლების შეცვლა. მე თუ მეკითხებით „ლელო“ რა ფორმულას დაუჭერს მხარს, ერთადერთი საზომია, შეიცვლება თუ არა ამ საზომით ხელისუფლება. პარლამენტში მოხვედრა და პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა, არ არის „ლელოს“ ამოცანა, ჩვენი ამოცანა არის გაცილებით ამბიციური და ეს არის ხელისუფლების შეცვლა. შეცვლის ფორმულა, რაც იქნება ამას დაუჭერს მხარს „ლელო“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ლელოს“ დეპუტატის თქმით, „ლელო“ საკუთარ მოკავშირედ ქართველ ხალხს და ქართველ ამომრჩეველს მიიჩნევს.
„გააქტიურებულ საარჩევნო პროცესში, ჩვენი ყურადღება მიმართულია ჩვენ მთავარ მოკავშირესთან და ეს არის ხალხი.
მე, როგორც პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტია „ლელოს“ არ აქვს ინტერესის სფერო, გარდა იმისა, რა ინტერესის სფერო აქვს ქართველ ხალხს. ჩვენ ყურადღებით ვისმენთ ქართველი ხალხის დაკვეთას. ფუნდამენტური სოციოლოგიური კვლევებით ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს ის კი არ აწუხებს ვინ ვისთან გაერთიანდება და რომელი პარტია ვისთან დაჯგუფდება და გადაჯგუფდება. ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ქვეყანაში არ არის სამუშაო ადგილები და ქვეყნიდან გარბიან“, – განაცხადა სამადაშვილმა.