საერთოდ არ მგონია, რომ იმ ხალხის, რომლებიც საჯარო სივრცეში ლაპარაკობენ, იდეაა ან მათ ძალიან უნდათ კანონის შემოღება, ამის გაკეთება ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორედ დაინიცირებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ კანონპროექტი ზედმეტი თავის ტკივილია.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უხარისხოდ უსრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, რადგან მათ „ჭკუა და ინტელექტი არ ჰყოფნით“.
„რეალურად, ამ კანონის შემობრუნება მათთვის არის თავის ტკივილი. ეს ხალხი ივანიშვილს არ მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრები არიან, ან პრემიერია – ეს ხალხი არიან მისი ქვეშევრდომები, როგორც ჰყავს მზარეულები და მძღოლები ისევე ჰყავს დაქირავებული კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები. მოდით, ვისაუბროთ იმაზე, ვისაც რეალურად უნდა ამ კანონის მიღება და ვინ არის ეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ცხადია. რა შუაშია პაპუაშვილი, მგონი მას ცხოვრებაში იდეა არ მოსვლია თავში.
უხარისხოდ უსრულებენ ბიძინას, მას გარშემო კარგი ხალხიც არ ჰყავს, რატომ? – არ ჰყოფნით ჭკუა და ინტელექტი. ყველა მათ საუბრებში და არგუმენტებში, როდესაც კალაძე, მდინარაძე და სხვები ლაპარაკობენ თვითლუსტრაციას აკეთებენ იმისა, თუ რისთვის უნდათ ამ კანონის მიღება. ამბობენ – ჩვენი ხელისუფლების დამხობა უნდა ვიღაცას და ამიტომ უნდა მივიღოთ ეს კანონი და არა იმიტომ, რომ ვიღაც არ არის გამჭვირვალე. კითხვა დავსვათ, ვის უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამხობა და რა მიზნით? თუ რუსეთს გულისხმობენ ჩაწერონ, რომ რუსეთს უნდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამხობა. თუ ვაშინგტონს და ბრიუსელს – რატომ უნდა? მაშინ „ქართული ოცნება“ რატომ გვიმტკიცებს, რომ ბრიუსელში და ვაშინგტონში მისი პარტნიორები არიან. პარტნიორები არ ამხობენ თავის პარტნიორ ხელისუფლებას.
ივანიშვილს ვურჩევდი საკუთარი დავალების შესასრულებლად უკეთესი ხალხი მოძებნოს, რადგან ესენი ძალიან დაბალი ხარისხის არიან “,- განაცხადა სამადაშვილმა.
ამასთან, სამადაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.
სამადაშვილის თქმით, ამაზე სერიოზული კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს არის დაცინვა.
„ერთი შეკითხვა მაქვს, 80% რატომ არ დაიწერეს? შეეძლოთ გაემარტივებინათ და 90% დაეწერათ და 10% მიეცათ „ნაცებისთვის“. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ მინდა. ეს ხომ დაცინვაა“,- განაცხადა სამადაშვილმა.