„ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, პარლამენტი არალეგიტიმურია, ამიტომ ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს და ის რჩება პრეზიდენტად.
„სალომე ზურაბიშვილს ზუსტად ოთხი პარასკევი დარჩენია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ღირსეული და რაც მთავარია, პატრიოტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი. ზურაბიშვილი ოთხ კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას აუწყა, რომ 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული. მიისვე თქმით, გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე.