სალომე ზურაბიშვილმა არჩევანი კიდევ უფრო ცხადი გახადა, როდესაც ორჯონიკიძეების სია შეადგინა ომის ქარტიის სახით – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
„ქვეყნის პოლიტიკასა და საგარეო კურსს განსაზღვრავს და აფასებს ქართველი ხალხი და არა უცხო ხალხი. ეს ჰგონიათ ჩხიკვაძეებს და საბანაძეებს – ასეთ ორჯონიკიძეებს, რომ სხვა ქვეყანამ უნდა შეგვიფასოს, ჩვენ მოსაწონი კურსი გვაქვს თუ არა. საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი. ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის სურვილები და ქართველი ხალხის სურვილია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება, დემოკრატია და ამ ქვეყნის განვითარება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში ოპოზიციისა და „ენჯეოების“ სიმბიოზს არანაირი კავშირი აღარ აქვს ქართველ ხალხთან.
„ქვეყანაში გვყავს კასტა, ოპოზიციისა და „ენჯეოების“ სიმბიოზი, ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები, რომლებსაც არაფერი კავშირი აღარ აქვთ ქართველ ხალხთან. და როგორ იწყებოდა ეს – თავიდან უცხო ქვეყნის დროშას წამოუდგნენ ფეხზე, შემდეგ უცხო ქვეყნის ჰიმნი იმღერეს, შემდეგ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსზე ააწყვეს თავისი დღის წესრიგი და ბოლოს უცხო ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდნენ და საკუთარი ქვეყანა დაასმინეს. აი, ეს არის ღალატის ისტორია, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაჩვენებს ოპოზიციისა და „ენჯეობის“ სიმბიოზი, რომელსაც აღარანაირი კავშირი არ აქვს ქართველ ხალხთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს ძალიან ცხადი არჩევანი აქვს.
„სალომე ზურაბიშვილმა ეს არჩევანი კიდევ უფრო ცხადი გახადა, როდესაც ამ ორჯონიკიძეების სია შეადგინა ომის ქარტიის სახით. მან ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ არჩევანი სინამდვილეში არის ან ქართული ინტერესი, ან უცხო ქვეყნის ინტერესი. სხვა არჩევანი 26 ოქტომბერს არ იქნება, ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს – ჩვენ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა თუ გვინდა, გვყავდეს მარიონეტული რეჟიმი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ