საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 17 ოქტომბერს გაგზავნილ წერილზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის პასუხს აქვეყნებს.
კაია კალასის წერილში, რომელიც 15 დეკემბრით თარიღდება, ნათქვამია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები სრულად არიან ინფორმირებულნი იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.
„4 ნოემბერს გამოქვეყნებულმა ევროკომისიის ყოველწლიურმა ანგარიშმა საქართველოზე დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ და რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია”, – აღინიშნება წერილში.
კაია კალასი წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები დაქვეითდა, ხოლო ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება შეჩერდა.
„მიმდინარეობს განხილვები შესაძლო სანქციებზე იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე”, – ნათქვამია წერილში.
კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი ერთგული რჩება დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართ. წერილში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროპული მომავლისკენ.




