სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის

მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, პლატფორის წევრებმა გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პოლიტიკური შეუთავსებლობები და ერთად იბრძოლონ.
„მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი – დაინიშნოს ახალი სამართლიანი , გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი. კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია იყოს მიღწეული. წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად, ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება, ჩვენი მოვალეობაა. მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც შეინარჩუნოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პარტიული საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებს.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, დროულად მოვემზადოთ და საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დაუყონებლივ შევუდგეთ დამკვირვებლების მასობრივ გადამზადებას, რათა ერთიანად და ეფექტურად დავიცვათ წინააღმდეგობის ხმები. პარტიული საქმიანობა ამ შემთხვევაში უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებსა და წინააღმდეგობის გამარჯვების მიზანს! საერთაშორისო ასპარეზზეც აუცილებელია მეტი კოორდინაცია, ამიტომ ვგეგმავთ ერთიანი კალენდარის შექმნას, კოორდინირებულ ვიზიტებსა თუ გზავნილებს, თუნდაც ერთიან სტრატეგიას, რომელიც პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას და მათთვის დიპლომატიური ნაბიჯების შეთავაზებას მოიცავს. პარტიები, რომლებიც თანხმდებიან წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილეობაზე, აღიარებენ „ქართულ ქარტიას“, როგორც ერთობლივ პრინციპებს და მხარს უჭერენ მას, როგორც სამომავლო პროგრამას, რომლის მეშვეობით საქართველოს დროულად დავაბრუნებთ დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, არ გაჰყვნენ ცრუ მოლოდინებს.
„ახალი ეტაპი იწყება! ნუ შეგეშინდებათ, რომ თითქოს ხანდახან ბევრი ადამიანი არ დგას რუსთაველზე, თუ ვიღაც გაიყიდა, მოისყიდეს, თუ ვიღაც შთაგაგონებთ, რომ თურმე მუხტი არაა, ლიდერი არაა, ჭორებს ავრცელებენ, რომ დაგვყონ და დაგვაპირისპირონ, გახლეჩილებს და ცალ-ცალკე ხომ მოგვერევიან? ნუ გექნებათ ნიჰილიზმი, ცრუ მოლოდინებს არ გაჰყვეთ, მე გპირდებით, რომ ამას არ შეგიქმნით და არც მოგატყუებთ! არც კი ვიცით, ეს გზა გრძელია თუ უცებ დასრულდება და ვერავინ იტყვის ამას, რადგანაც ავტოკრატიის დასრულება კანონზომიერებას არ ემორჩილება, მაგრამ იმედსა და რწმენას არც ერთი კანონი არ აწესრიგებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პირველი არხი