სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ მოვისმინეთ რექტორების საცოდავი რეაქცია

“ჩვენ მოვისმინეთ რექტორების საცოდავი რეაქცია”- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. საუბარია მმართველი პარტიის განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვეტილია.

ზურაბიშვილის თქმით,  ამ შემთხვევაშიც მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება აკადემიურ წრებთან და სტუდენტებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო და ამას უმაღლესი სასწავლებლების რექტორების განცხადებებიც ცხადყოფს, რომლებმაც მედიას უთხრეს, რომ გადაწყვეტილების შესახებ მისი გამოცხადების წინა დღეს შეატყობინეს.

ზურაბიშვილის შეფასებით, “ოცნება” ახლა ამ თემის შემოგდებით, განათლების შესახებ კანონის დაჩრდილვას ცდილობს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ “განათლების რეფორმა ქვეყანას ევროპული განათლების სისტემიდან თიშავს”.

[ქართული ოცნების” მიზანია, მეტი საუბარი იყოს შენობებზე, და არა განათლების შესახებ კანონზე”- თქვა ზურაბიშვილმა.

სანამ დაიდებოდა ეს კანონი აუციელბელი იყო საზოგადოებრივი აზრი ყოფილიყო მიღებული მხედველებაში, მასწავლებლები, პოფესორები მშოლები ყველა უნდა ყოფილიყო ჩართული, ასე ხდება ცივილიზებულ სამყაროში. ასე მზადდება ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქმე განათლების რეფორმასთან, არამედ რაღაც კანონთან, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ პოლიტიკური კონტროლი გაიზარდოს უნივერისტეტზე, სახელმძღვანელოებზე, სტუდენბტებსა თუ მასწავლებლებზე”- თქვა ზურაბიშვილმა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ “ქართულმა ოცნებამ” წინა კვირას მოულოდნელად განაცხადა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ეს ამბავი სხვებზე ერთი დღით ადრე გაიგო.

უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ამ იდეას აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრის მოსმენის გარეშე.

რაც შეეხება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს, მას „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დღეს კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა. საკომიტეტო განხილვა ხვალ ჩაინიშნა. პროექტს სავარაუდოდ ოთხშაბათს საბოლოო მოსმენით მიიღებენ.