საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
ზურაბიშვილმა გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგებასთან ერთად პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელი დღე მხოლოდ ისტორიის გახსენება არ არის – ეს არის მომენტი, როდესაც საზოგადოება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ომი 2008 წელს არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის სახით, მათ შორის — ზოგიერთი ქართველი მოქალაქის მეშვეობით.
„დღეს არის ის დღე, როცა ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირებს, რომლებიც აქ განისვენებენ და რომლებმაც თავის დროზე, 2008 წელს, დაიცვეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს საკითხები დღესაც აქტუალურია. ეს არ არის რაღაც ისტორიული თარიღი, რომელსაც ვიხსენებთ, ეს არ არის მხოლოდ გმირების მოხსენება. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ომი არ დამთავრებულა, ის დღესაც მიმდინარეობს. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, დღეს მიმდინარეობს რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ ზოგი ქართველის ხელით, მაგრამ ეს ჰიბრიდული ომი არის კიდევ უფრო საშიში. დღეს რუსეთი ომს აწარმოებს ორი ქვეყნის მიმართ: ეს არის სამხედრო ომი უკრაინაში და მეორე – ჰიბრიდული ომი საქართველოში, ეს კარგად უნდა გავიაზროთ, რადგან თუ ვერ გავიაზრებთ, ისე ადვილად წაგვართმევენ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოს, რომლებიც უკვე სულს ღაფავენ, როდესაც ინსტიტუტები აღარ არის, როცა საზღვარი არ არის დაცული, ეს უკვე არის ჩვენი თავისუფლების ხელყოფა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, ისე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დასავლეთი ცდილობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკებები, რომლებიც ვაშინგტონში იმართება აშშ-ის პრეზიდენტის შუამდგომლობით, სადაც ფაშინიანი და ალიევი მონაწილეობენ.
„ამავე დროს, დღეს მიმდინარეობს მშვიდობისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლას, სწორედ ამერიკა და ჩვენი ევროპელი პარტნიორები აწარმოებენ. ის, რაც დღეს ხდება ვაშინგტონში 7-8 აგვისტოს, როცა ამერიკის პრეზიდენტს ერთად მოჰყავს ფაშინიანი და ალიევი და მათთან მართავს ძალიან მნიშვნელოვან სამშვიდობო საუბარს, ეს არის ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი. ძალიან ცუდია, რომ ამ მომენტში საქართველო არის იზოლირებული, საქართველო მხოლოდ რუსეთს უყურებს და მხოლოდ რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება. ეს არის არჩევანი იმ ხელისუფლების, რომელიც ვითომ იცავს მშვიდობას. ჩვენ არ ვართ მშვიდობის კუნძული, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს. დღეს ვართ სწორედ ომის კუნძული მშვიდობიან რეგიონში, რადგან აქ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი. მშვიდობა კი პირიქით ჩვენ მეზობლებში იკიდებს ფეხს. იმ დროს, როდესაც ეს რეგიონი უნდა იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული, ჩვენ ამ ყველაფრისგან ვართ გარიყულები. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ და ვაანალიზებდეთ. ეს იქნება ნამდვილი პატივისცემა იმ ადამიანების, რომლებიც აქ განისვენებენ, რომელთა საფლავებს, როგორც ჩანს, სახელმწიფო დიდად არ უვლის თუ არ აინტერესებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
