გულწრფელად რომ ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერება, ან გაწვევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
„ის შარშან გაიწვიეს, მაგრამ კვლავ წარადგინეს დაპირების მიუხედავად, რომ ასე არასდროს მოიქცეოდნენ. ახლა უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, გაიწვევენ თუ არა კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია. არსებობს სხვა კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ შევძლოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. ასე რომ, ერთ მხარეს არის კანონების მთელი რიგი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონების არარსებობას, რომლებიც საჭიროა იმ სფეროში, სადაც ჩვენ გვთხოვენ პროგრესის მიღწევას და მესამე ნაწილი არის რიტორიკა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ანტიდასავლური, ანტიევროპული. ეს რიტორიკა მოდის მმართველი პარტიიდან, მათი საპატიო პრეზიდენტ ივანიშვილიდან, ყველა ლიდერიდან, რადგან ისინი ყველა ერთ ენაზე საუბრობენ და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც 30 წელია აშენებენ ჩვენს სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობას და მის განვითარებას, „უცხო ქვეყნის აგენტებს“ უწოდებენ, რომლებსაც უნდათ ქვეყნის განადგურება, დესტაბილიზაცია, ხელისუფლების დამხობა. ეს ძალიან რუსული ენაა. ეს არის ის, რასაც რუსეთი სულ იმეორებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები იქნება გარკვეული სახის რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით სურს ქართველ ხალხს სვლა.
„ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ხალხის ნება არჩევნებზე, რათა დავამტკიცოთ, რომ გზა, რომელიც მათ სურთ არის გზა ევროპისკენ და სხვა არაფერი. ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს, რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას ეს კანონი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს კითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან“.
„ეს კანონი რომ არ წარედგინათ, შესაძლოა, არჩევნებშიც კი მოეგოთ. რადგან მათი ენა აქამდე, მათი ნარატივი ჯერ კიდევ გასულ დეკემბრამდე იყო: ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ეს შესაძლებელი გახადა და უცებ გვაქვს ნარატივი, რომელიც შეგიძლიათ მოისმინოთ ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაში, რომელიც არის ომის გამოცხადება ჩვენი დასავლელი, ევროპელი პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.