საქართველოს სასამართლომ სახელი თავისი უსამართლობით საზღვრების გარეთ უკვე გაითქვა – ახლა კიდევ დაემატა ძალადობა სასამართლოში, რაც სრულად მიუღებელია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის ძალიან სამწუხაროა,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების მიზანია, რომ „სამართლიანი სასამართლო ყველა მხრივ დავიბრუნოთ“.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გააგზავნა წერილი, სადაც გაჟღერებულია პლატფორმის მთავარი მოთხოვნები.
„ჩვენი ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის ძალიან სამწუხაროა ის ძალადობა, რაც სასამართლოში ვნახეთ. საქართველოს სასამართლომ უკვე გაითქვა სახელი თავისი უსამართლობით საზღვრების გარეთ. ახლა კიდევ დაემატა ძალადობა სასამართლოში, რაც სრულად მიუღებელია. სრულად მიუღებელია ის, რომ დღეს კიდევ კლინიკაშია ერთ-ერთი იქ დაშავებული ადამიანი, რომელი როგორც მეუბნებიან, ტვინის შერყევით არის კლინიკაში. ეს წარმოუდგენელია. ჩვენი, საზოგადოების მიზანია, რომ დავიბრუნოთ სამართლიანი სასამართლო ყველა მხრივ.
მინდა ასევე, გაცნობოთ, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ დააგზავნა წერილი უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს კონტაქტთან სხვადასხვა ქვეყანაში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან საპარლამენტო ხელისუფლებაში, სადაც ჩვენ წარვადგინეთ კოორდინაცია, ეს პლატფორმა და ასევე, ის, რა არის ის მთავარი მოთხოვნები, რომლებსაც აჟღერებს „წინააღმდეგობის პლატფორმა“ და რომელიც არის ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნები -არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება, ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ეს ქვეყანა ამ ღრმა კრიზისიდან გამოვა. ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება. ეს უკვე ნამეტანი დიდხანს გრძელდება. ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს ცივილიზებულ ქვეყნად, მიუღებელია ასე ისხდნენ ახალგაზრდები ციხეში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის საკითხიც ასევე, დგას წინა პლანზე, როგორც ჟურნალისტი. არავის არ უნდა დავავიწყოთ მისი სახელი, ამ ძალიან რთულ პირობებში მყოფი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა ისაუბრა გუშინ, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშზეც. მან უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
„გასულ ღამეს, უკრაინაში, კიევსა და 9 რეგიონში ასეთი სასტიკი დაბომბვა იყო. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება რუსული სასტიკი პოლიტიკისა, რაც სრულიად მიუღებელია. ასევე, როგორც სრულად მიუღებელია, კითხვის ქვეშ დადგეს უკრაინის სუვერენობა ყველა მის რეგიონზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ძალიან ფორმალურად და ოფიციალურად, რომ ჩვენ ვართ სრულად სოლიდარულები უკრაინის პოზიციებისა დღევანდელ დღესაც, როგორც გუშინ და როგორც ხვალ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენობას. არ არსებობს ის, რომ რომელიმე ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ იყოს მოთხოვნა, ამ ტერიტორიის აღიარების ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიერ. სრული სოლიდარობა მათ ჩვენგან“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ზაზაძესთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას, დაკავებულის ახლობლებისა და მეგობრების უკმაყოფილება მოჰყვა. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ერთი პირი, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უცენზურო სიტყვებს იყენებდა. ამის შემდეგ მანდატურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც ერთი პირი შეუძლოდ გახდა. სასამართლოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული ახალგაზრდა, ლაშა-გურამ ღონღაძე სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
