საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ თუ საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება „საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება“. ევროკავშირის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ზურაბიშვილის სიტყვებით, უარი საქართველოს მოსახლეობაში გამოიწვევს „უზარმაზარ“ იმედგაცრუებას, რუსეთის ხელმძღვანელობაში კი – ასეთსავე კმაყოფილებას. „რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველო რუხ ზონაში რჩება“, თქვა მან და აღნიშნა, რომ კრემლისთვის ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია „საქართველოსთან თამაში“.
ევროკავშირის გაფართოების საკითხს ბლოკის სამიტზე განიხილავენ 14-15 დეკემბერს. სამიტის შედეგებით, საქართველოს შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რაც მას არ მისცეს შარშან. სამიტზე ასევე შეიძლება გადაწყდეს უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დასავლეთთან დაახლოების კურსს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს, ურთიერთობები არ გაამწვავოს მოსკოვთან. 2023 წლის ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პრორუსულ პოზიციაში სდებენ ბრალს, შეეცადა პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ბრალი დასდო, რომ ის ცდილობს, „მოკლას დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი“.
2023 წლის 9 დეკემბერს თბილისში გაიმართა მორიგი მრავალათასიანი პროევროპული მარში.