საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთშია. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც ჩანს, რომ ის შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება, მათ შორის არის, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საზღვარგარეთ ტრამპის პირველი ვიზიტია. ტრამპი პარიზის ორლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის.
ელისეის სასახლის ცნობით, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის ლიდერთანაც გამართავს.
ამასთან, მანამდე უცხოურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც შედგეს. თუმცა შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ხვალ ჩატარდება.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. დეტალები პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ უცნობია. არ საჯაროვდება ინფორმაცია, ვისთან გეგმავს პრეზიდენტი შეხვედრებს.