სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შვილთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა და პატიმრების მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადა.
“პირველ რიგში მათ ვეტყვი მადლობას მათი გამძლეობისთვის, ყოჩაღობისთვის და ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ დღეს შეიძლება აქ არ იყოს იმდენი ადამიანი, მაგრამ დღეს ყველა საქართველოს ეკლესიაში მათზე ლოცულობს, რადგან ისინი არიან ღირსება, ჩვენი იმედი და ხვალინდელი თავისუფლება”.
სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში სხედან, “ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან”.
“დღევანდელი საღამო არის აღდგომის. აღდგომის საღამო პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედისაა – ეს არის თავისუფალი ადამიანის ზეიმი. ადამიანები, რომლებიც აქ არიან, საღამოს აქ მოვლენ და ილოცებენ, რომლებიც საქართველოს ყველა ეკლესიაში ლოცულობენ, არიან თავისუფალი ადამიანები. თუ რამე გვესმის ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის – ეს არის მართლმადიდებლობის და თავისუფალი ადამიანების. ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აქციაზე შეკრებილებს მიმართოს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ არაფერი აქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ უნდა იდგეს მოქალაქეების გვერდით.
სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, რომ აღდგომის დღესასწაულს მოქალაქეებთან ერთად, ქაშვეთში შეხვდეს.
ამ წუთებში პარლამენტთან შეკრებილი სტუდენტები და აპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.
ფორუმი