ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რა არის მთავარი საკითხი, რითაც ის მიუნხენში ჩავიდა, პრეზიდენტმა უპასუხა:
„მთავარი საკითხი ისაა, რომ ჯერ კიდევ არაა ყველა პარტნიორის, ნატოს, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მასიური მხარდაჭერა, რომელიც მთავარი სოლიდარობის გამოხატულება უნდა იყოს. როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს. ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, (ეს ჩვენთან ბოლო ორ საუკუნეში სამჯერ მოხდა), როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა.
„ვფიქრობ, ევროპამ რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდი ევრო გამოყო და ვფიქრობ, რომ ეს დიდი მიღწევა იყო მთელი ევროპისთვის, რათა საკუთარი მონდომება ეჩვენებინა. იმავეს ელიან ამერიკის კონგრესისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბოლოოდ მოხდება კიდეც. აქ მთავარია დრო და რაც უფრო ადრე მოხდება, უკეთესი. ვფიქრობ, სწორედ ამის სათქმელად იყო აქ პრეზიდენტი ზელენსკი. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის, მაგალითად, შავი ზღვა მთავარია, ეს არის ჩვენი სასიცოცხლო კავშირი ევროპასთან, მაგრამ ეს ასევე ევროპის საკითხიცაა. შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, სწორედ ეს დევს სასწორზე, როდესაც ვსაუბრობთ ყირიმზე-უკრაინაზე, საქართველოზე და რუსეთის გეგმებზე ააშენოს სამხედრო ბაზა შავი ზღვის სანაპიროზე. ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს მომავალ გეგმებზე, სტრუქტურული ინვესტიციების უფრო მეტად გაფართოებაზე, რითაც უნდა დაუკავშირდეს [ევროპა] დანარჩენ ცენტრალურ აზიას, რომელიც რესურსების ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. აქ ბევრი რამ არის სასწორზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.