სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას ტოვებს – მდინარაძე
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას ტოვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ არასწორი აღქმები სალომე ზურაბიშვილის წინამორბედმა პრეზიდენტმაც გააჩინა.
„სხვათა შორის, როცა რაღაც კრიტიკას მიმართავენ ხოლმე, კრიტიკის საფუძველშივე ჩანს, რომ წინა პრეზიდენტებმა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ საპარლამენტო რესპუბლიკაში არასწორი აღქმები გააჩინეს. მაგალითად, გვესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, ყაველაშვილმა საგარეო მიმართულებით როგორ უნდა წარმოადგინოსო, ან ჯარის მთავარ სარდალი როგორ [უნდა იყოსო]. ჯერ ერთი, ყველაფერი შეუძლია იყოს მისი პიროვნული და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ საერთოდ არ არის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმოება პრეზიდენტის საქმე, ანუ აქ ის იგულისხმება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, განახორციელებს, აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს და იქნება წარმოდგენილი, როცა ამის სპეციალურ ნებართვას საქართველოს მთავრობა გასცემს. ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა არასწორი აღქმა, არასწორი სტერეოტიპი, რომ თითქოს, პრეზიდენტის საქმეა ეს. როცა საუბრობენ მთავარ სარდალზე, მიხეილ ყაველაშვილი ჩვენი მთავარსარდალი იქნება, მაგრამ ესეც აღქმულია თითქოს, ჯარს უნდა უხელმძღვანელოს, იმდენად სიმბოლურია პრეზიდენტის ეს კომპეტენცია, მას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა ჯარის შენაერთების, გადაადგილების, სამხედრო-ოპერატიული ტაქტიკის შესახებ, ანუ ეს აღქმები სალომე ზურაბიშვილმა და მათ შორის, მისმა წინა მორბედმა არასწორად გააჩინა. ჯერ კიდევ კანდიდატის კრიტიკა არასწორია მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, სულ რომ მისი კომპეტენცია იყოს. სიმბოლური, ხშირ შემთხვევაში, ცერემონიული უფლებამოსილებაა, რაც რეალურ უფლებამოსილებაში ერევათ ადამიანებს. დღეს, გუშინ, გუშინწინ, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების კომენტარებს ვუსმენდი. ჩანს, რომ წინა პრეზიდენტების, განსაკუთრებით, სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებიდან, მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს თუ სხვა ადამიანებს, არასწორი შთაბეჭდილება შექმნათ, არასწორი ცოდნა შეიძინეს ამ მიმართულებით და არასწორი აღქმები პრეზიდენტის კომპეტენციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, „როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში დარჩება“, ამ შემთხვევაში თუ რა იქნება ხელისუფლების სამოქმედო გეგმა“, მდინარაძე, კითხვითვე პასუხობს, რომ „მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს?“
„ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას მიიტაცებს? ხელისუფლების შტო საერთოდ არ არის, სიმბოლური თანამდებობაა, მაგრამ მიიტაცებს პრეზიდენტის ინსტიტუტს? ანუ თქვენ ამბობთ, დანაშაულს ჩაიდენს? ინაუგურაციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუ თქვენ გადაწყვეტთ ასეთი რაღაცის გაკეთებას, ე.ი. გინდათ იქ შეჭრილხართ და გინდა, შესულხართ და აღარ გამოსულხართ. ანუ თქვენ რას მეკითხებით, რომ ამ შემთხვევაში, მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და დანაშაულს ჩაიდენს? მე მგონი, ყველაფერი ნათელია“, – აცხადებს მდინარაძე.