პრაქტიკულად, [აშშ-ის] ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი – საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა.
ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრებისას მისი გზავნილი იყო, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ყურადღება ძალიან მალე და სწრაფადაა საჭირო.
„პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მაგრამ მაინც, იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქვეა შავი ზღვა, სტრატეგიული ახალი პროექტები, ქვეყანაში, რომელიც ამერიკის დახმარების ობიექტია ბოლო 30 წლის განმავლობაში.
საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პერ კაპიტა, ანუ თითო ადამიანზე, მიიღო ყველაზე დიდი დახმარება [ამერიკისგან], ისრაელის შემდეგ, რაც არ არის ცოტა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკას ჰქონდა ინტერესები და სტრატეგიული ინტერესები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერესი დღესაც არსებობს. ეს იყო ჩემი გზავნილი, რომ საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე, ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს საქართველოში- ერთი მხრივ რეპრესიები, რომლებიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმია და მიჰყვება რუსეთის მოდელს. არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც, ალბათ, ძალიან სერიოზულად უნდა აინტერესებდეს და აშფოთებდეს ამერიკას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა მისი როლია პარტნიორებს სთხოვოს, რომ იზოლაცია ქართულ საზოგადოებას არ შეეხოს.
„იზოლაცია არის დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ, რომ საქართველო დარჩეს მარტო, დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის ოცნება იყო რეალურად ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოჰყვება დამოუკიდებლობის შემდგომ. ამდენად, ჩემი როლი, როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ჩვენს ხვალინდელ ეკონომიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს ყველა პარტნიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ კიდევ უფრო დაეხმარონ საქართველოს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დაუბრუნდეს.
„ჩემი მიზანი აქ არ იყო რაიმეს გადალაგება და არ ვთვლი, რომ რაიმეს გადალაგება საჭირო იყოს. ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ამერიკელ პარტნიორთან და გავაგრძელოთ ის 30-წლიანი პოლიტიკა, რაც იყო. სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დავუბრუნდეთ. მე ძალიან მიხარია, რომ სომხეთმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს იმას ნიშნავს რომ კავკასია რჩება ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონად. ამ რეგიონში ჩვენ ვართ ცენტრი და ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან არის ქვაკუთხედი ამ რეგიონისთვის და ჩვენი მომავლისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება მის გეგმებს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ გეგმაა, „არჩევნები შედგეს“.
„გეგმებზე არასდროს არ ვპასუხობ, იმიტომ, რომ ეს კითხვა არაფერს არ მოიცვას. გეგმა არის, რომ არჩევნები შედგეს, ეს ყველას მოთხოვნაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ არჩევნების პირობებზე. თუკი ისე მოხდება, რომ რეჟიმი დათანხმდება არჩევნებზე, იმიტომ რომ სხვა გზა არ ექნება. თუ არადა თვითონ ჩამოიშლება და ყოველი შემთხვევისთვის უნდა ვიყოთ მზად ორივე მხრივ არჩევნებისთვის. ეს არის პირველ რიგში უფრო პარტიების მოვალეობა, ვიდრე პრეზიდენტის. მე ვარ სახელმწიფოს გარანტი და მომავალი სტაბილურობის, ამ არჩევნების დროს და ამ არჩევნების შემდეგ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.