საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა.
კახელები და ქიზიყელები ერეკლე II-ის მოედნიდან ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ.
ისინი სასახლის წინ პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ: „საქართველო“.
სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა გრძელდება.
აქციის 25-ე დღეს კახელები და ქიზიყელები თბილისში, ერეკლე II-ის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მართავენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ კახური დიალექტით შედგენილი ტრანსპარანტები წარწერებით: „მანამ ვირი კუდზე არ გამაგაბამთ, იქამდე არ მაისვენებთ?“, „უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი!“, „ინგილო ქალს რეჟიმით ვერ შეაშინებთ!“, „ხალხი მწყობილებიდან გამაიყვანეთ და ახლა კითხულობთ?!“ და ა.შ.
მათ თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობის მსგავსად, მათთაც სურთ ხელახალი არჩევნები.
„მე ძალიან მომწონს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით მსვლელობები. მართალია ყველა კუთხე ერთმანეთისგან განსხვავდებით – სიმღერით, სამზარეულო და ა.შ. მაგრამ ღირებულება ყველას ერთი გვაქვს. ჩვენ გვინდა ევროკავშირში, შესაბამისად, რაც მალე იქნება არჩევნები, მალე დამშვიდება სიტუაცია, ნაკლებად გაღარიბდება ეს ქვეყანა და ნაკლები ადამიანი დაზარალდება. ჩვენ აუცილებლად ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ!“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მანიფესტანტების მოთხოვნების უცვლელია. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.