მადლობა მას იმისთვის, რომ გამოაჩინა არამარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ საზღვარგარეთაც ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა ამ ძალიან რთულ პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის ძალისხმევა დიდხანს დარჩება ქვეყნის ისტორიაში.
„სამწუხაროდ მე ციხეში მზია ამაღლობელს ვერ ვესტუმრები, მაგრამ ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის, რომ მინდა, მისი და მისი მხნეობის მისამართით საზოგადოებისა და თქვენი სახელით ღრმა პატივისცემა გამოვხატო. ჩვენი, ყველას სოლიდარობა მას, ამ რთულ მომენტში და მადლობა უნდა ვუთხრათ მას. მადლობას მეც მეუბნებიან, მაგრამ მადლობის გადახდა არ არის სწორი, რადგან ამ ბრძოლაში ყველანი ერთნი ვართ, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მადლობა მას იმისთვის, რომ მან გამოაჩინა არამარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ საზღვარგარეთაც ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა გამოაჩინა, ამ ძალიან რთულ პერიოდში. ეს არის ის, რაც გაგვიყვანს ბოლომდე და გადაგვარჩენს. ამისთვის მისი სახელი ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენს ისტორიაში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა ჩაატაროს ყველა საჭირო კვლევა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვისაა აუცილებელი.
„ყველამ, ყველა მიმართულებით უნდა გავშალოთ მოთხოვნები და გავასაჯაროვეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ – ყველა მიმართულებით. მეც ვცდილობ, რომ ამ პერიოდში ყველა ჩემს კონტაქტს გავაცნო ეს საკითხი და ჩავრთო ამ კამპანიაში. უნდა იყოს საერთაშორისო კაპანია და ამის საწყისი ეტაპი უკვე ჩანს და ეს უთუოდ გაძლიერდება. აქ უნდა მოვითხოვოთ, ის პირველადი ზომები, რომლებიც დღეს აუცილებელია.
2 დღის წინ მის ადვოკატებს შევხვდი და თქვეს, რომ არ ტარდება ის კვლევები, რომელიც აუცილებელია. სახელმწიფოს ვალდებულებაა ჩაატაროს ის კვლევები, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. აქ არჩევანი არ არის – მინდა ან არ მინდა. ამ კვლევების ჩატარება უნდა მოვითხოვოთ და თუ საჭიროა, 21-ე დღეა შიმშილობის და ალბათ, საჭიროა მისი, კლინიკაში გადაყვანაც. მე ვერაფერს ვიტყვი, პიროვნების გადაწყვეტილებაზე [შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით], და ამაში ჩვენ ვერ შევიჭრებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბათუმში, აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ის „ბათუმელების” დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის „ბათუმელების“ რედაქციას ეწვია.
