სალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ, ბოლომდე გამოგყვეთ, დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ – დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან, წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან

მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას განუცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში მასშტაბურ შეხვედრებს დაიწყებს, როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონებში, ისე ქვეყნის გარეთაც.
მისი თქმით, ის შეხვდება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს – ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებსა და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩართვას აპირებენ.
„მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან – ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, გვქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა გადავატანინოთ უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ერთად და უნდა ვიფიქროთ ამ გზებზე.
შევხვდები საჯარო მოხელეებს, რათა მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა. ისინი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი. ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს დღეები თუ კვირები, შეიძლება, რამდენიმე თვე და გავატარებინოთ მათ ისე, რომ მათი ოჯახებიც იყვნენ დაცულნი.
შევხვდები ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში, რომლებიც გვაძლევენ ამ უზარმაზარ იმედს მომავლის და რომლებმაც შექმნეს ეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა გაძლიერდეთ იმიტომ, რომ ნამდვილად ის თაობა ხართ, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და რომელიც ხვალ თავისუფალი საქართველოს სათავეში იქნება.
გავალ რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას. გავალ და იქაც ვიქნები თქვენთან ერთად.
წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. უკვე მაქვს ოფიციალური ვიზიტების არა ერთი შეთავაზება, რომელსაც თქვენი სახელით გავაგრძელებ იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება თქვენი ხვალინდელი გამარჯვება.
მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები, ენერგა გვაქვს ძალიან დიდი იმიტომ, რომ სიყვარულის, მშვიდობისა და მომავლის ენერგია.
31 დეკემბერს, რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.