სალომე ზურაბიშვილი – მე ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა, მთავრობისგან უარი მივიღე და საქართველო ვილნიუსის სამიტიდან ამოიღეს – ეს ნიშნავს, რომ ევროპასთან დაახლოება არ გვინდა

მე ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა, მთავრობისგან უარი მივიღე და საქართველო ვილნიუსის სამიტიდან ამოიღეს – ეს ნიშნავს, რომ ევროპასთან დაახლოება არ გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში მის მიერ ვილნიუსში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც, მისი თქმით, მთავრობის ინიციატივით გაუქმდა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ლიეტუვიდან მოწვევა მიიღო, ორგანიზატორებმა თავად შესთავაზეს, რომ დეტალებს საქართველოს მთავრობასთან გაარკვევდნენ. ს თქმით, ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგი არ ყოფილა და არც პრეზიდენტის ნაცვლად სხვისი წარდგენის ინიციატივა გამოუჩენია.
„აგიხსნით თუ რატომ მოვითხოვე თანხმობა ვილნიუსში ვიზიტზე. ეს იყო ჩვენთვის განსაკუთრებული და ახალი ფორმატი, სამი ზღვის ინიციატივა, სადაც ბალტიის ზღვა, შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა შედის. მე, რაც პრეზიდენტი ვარ ვიცი და ვიცოდი, რომ ჩვენი მუდმივი მოთხოვნა იყო ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება, თუ სხვა ფორმით არა, როგორც დამკვირვებლები ისე. ამჯერად ლიეტუვიდან მოვიდა მოწვევა, რომ სამიტზე მონაწილეობა მიმეღო. თვითონ თქვეს, რომ ჩვენ მთავრობას წინასწარ მოვთელავთო და გავარკვევთო. ამ მოთელვაში აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არც ვიზიტის წინააღმდეგი იყო და არც ჩემს ნაცვლად ვინმე სხვის წარდგენის ინიციატივა არ წამოსულა.
მე ჩავთვალე, რომ ახალი ფორმატის გამო უნდა მეთხოვა ნებართვა. იქ, სადაც სიახლეა საგარეო პოლიტიკაში და რომელზეც მთელი მთავრობა უნდა შეთანხმდეს, იქ ნებართვა საჭიროა. მე ის მოვითხოვე, ნებართვაზე უარი მივიღე და ამის გამო სამიტიდან საქართველო ამოიღეს. დავრჩით იქ, სადაც ვიყავით. ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ არ გვინდა ევროპასთან დაახლოება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. პრეზიდენტმა მთავრობას ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 27 მარტს მიმართა.
როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა.

ასევე დაგაინტერესებთ