– მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები – ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.
„მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს.
ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში – 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ლეგიტიმურობა მოდის ხალხისგან და ამიტომ სწორედ მათთან ერთად იქნება.
„მე მინდა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა – ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. სადაც ხალხის ნდობა არ არის, იქ ლეგიტიმურობაც ვერ იქნება და ამიტომ გამოვალ და თქვენთან ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)