კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„შეშფოთება მთავარი საგანი ის არის, რომ ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც 2012 წელს მიიღეს და თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უკანასკნელ 30 წელზე მეტია. ამიტომ ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. შარშან იგივე კანონი მასიური დემონსტრაციების შედეგად იქნა უარყოფილი და მისი მიღება ვერ მოხდა. ამჯერად, ამ კანონის თავიდან გამეორება პირდაპირ პროვოკაციას წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, ხოლო პრეზიდენტის შეფასებით „რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე“.
„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ფინანსდებიან, მათი მხარდაჭერის გამჭვირვალობის მხრივ. ეს ნათელია. ამ დეტალების პოვნა ყველას შეუძლია. რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალე არ არის, განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილების შესახებ, კანონის ხელახლა შემოტანის შესახებ, როდესაც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციას. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მოხდა თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვში? გამჭვირვალობის შესახებ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ქართველები სვამენ, დიდი რაოდენობით ქართველი სვამს. დღეს უკვე მასიური დემონსტრაციების მესამე დღეა, მშვიდობიანი დემონსტრაციების და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აგრესიას არ მიმართოს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განზრახვას ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუშალონ“.
„მაგრამ ის, რაც ქუჩებში ხდება, გვაჩვენებს, რომ ხალხს ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მთავარი ამოცანა 26 ოქტომბერს, არჩევნებთან ერთად იქნება და ასევე, ეს კანონი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ხელის შეშლის საშუალებაც არის. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობა საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.
„მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.