სალომე ზურაბიშვილი – ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან, ისინი ზე თავისუფლები არიან – დრო გადის, მაგრამ ბოლოს არის სინათლე და ჭეშმარიტება

პირველ რიგში, ვეტყვი მადლობას [აქციების დროს დაკავებულებს] მათი გამძლეობისთვის, ყოჩაღობისთვის და ქართველობისთვის – ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღდგომის საღამო პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედისაა – ეს არის თავისუფალი ადამიანის ზეიმი.
„[აქციების დროს დაკავებულებს] პირველ რიგში ვეტყვი მადლობას მათი გამძლეობისთვის, ყოჩაღობისთვის და ქართველობისთვის. ვეტყვი იმასაც, რომ დღეს შეიძლება აქ არ იყოს იმდენი ადამიანი, მაგრამ დღეს ყველა საქართველოს ეკლესიაში მათზე ლოცულობს, რადგან ისინი არიან ღირსება, ჩვენი იმედი და ხვალინდელი თავისუფლება.
დღევანდელი საღამო არის აღდგომის. აღდგომის საღამო პირველ რიგში, ძალიან დიდი იმედისაა – ეს არის თავისუფალი ადამიანის ზეიმი. ადამიანები, რომლებიც აქ არიან, საღამოს აქ მოვლენ და ილოცებენ, რომლებიც საქართველოს ყველა ეკლესიაში ლოცულობენ, არიან თავისუფალი ადამიანები. თუ რამე გვესმის ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის – ეს არის მართლმადიდებლობის და თავისუფალი ადამიანების. ისინი, ვინც დღეს რუსული რეჟიმის გამო ციხეში არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აქციაზე შეკრებილებს მიმართოს, ზურაბიშვილმა თქვა, რომ არაფერი აქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ უნდა იდგეს მოქალაქეების გვერდით.
“არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ვდგავარ ამ ადამიანებთან, სადაც უნდა ვიდგეთ ყველა. ეს ადამიანები არიან ჩვენი წინა ფრონტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეს ადამიანები არიან ძლიერები და იქნებიან კიდევ უფრო ძლიერები, თუ ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით. ისინი [დაკავებულები] არიან ზე თავისუფლები – ასე ვფიქრობ. ისინი იბრძვიან ჩვენთვის. როგორც უკრაინელები იქ იბრძვიან სხვა ფორმით ჩვენთვის. თავისუფლება არის ყველაზე დიდი ღირებულება და ეს არის, რასაც აღდგომა გვეუბნება – თავისუფლების მეტი არაფერი არსებობს ცხოვრებაში. ეს არის ჩვენთვის ძალიან ღირებული. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც იქ იბრძვიან, მშობლებს, რომლებიც ამას უძლებენ და მთელ საზოგადოებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, აქ იდგება თუ არ იდგება, საღამოს ლოცვა რომ აღევლინება, მათთვის იქნება… დრო გადის, მაგრამ ბოლოს არის სინათლე და ჭეშმარიტება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.