ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და რასაც გააგრძელებს, როგორც ის ევროპის და სხვა ქვეყნებში აკეთებს, არის ჰიბრიდული ომი, რომელიც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს პროპაგანდის გზით გამარჯვების მოპოვებას, დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთი საქართველოში მინიმუმ სამჯერ შემოიჭრა. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არ ეხება ოკუპაციას, ეს ეხება პირდაპირ ოკუპაციას, რუსეთის სამხედრო ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე. ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და რასაც გააგრძელებს, როგორც ის ევროპის და სხვა ქვეყნებში აკეთებს, არის ჰიბრიდული ომი, რომელიც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს პროპაგანდის გზით გამარჯვების მოპოვებას, დესტაბილიზაციას. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ეს გამუდმებით ასე ხდება, ისინი იყვანენ მძევლებს. ასე რომ, საქართველოში დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობა არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს. ერთი რამ, რაც შეიძლება ვთქვათ, არის, რომ ჩვენ ცოტა უფრო მედეგები ვართ, ვიდრე ამ სიტუაციაში სხვა ქვეყნები იქნებოდნენ და ეს იმიტომ, რომ საქართველოს აქვს გამოცდილება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთს საქართველოზე კონტროლის მოპოვება სურს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეთს სურს გააკონტროლოს არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ალბათ, ევროპის ნაწილებიც.
„მას აქვს ძველი ამბიციები და მისწრაფებები, რომ დარჩეს იმპერიულ სახელმწიფოდ, მაგრამ ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რუსეთს რა სურს, თუ ჩვენ რა გვსურს?“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა შიში საქართველოსთან დაკავშირებით, თუკი პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა : „ვფიქრობ, ყველას უნდა გვეშინოდეს, თუკი პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის წარმატებას აღწევს. მისი ამბიციები, სტრატეგიული ამბიციები, კიევის აღება, მთავრობისა და მოსახლეობის გაყოფა, უკრაინის ევროპისგან ჩამოშორება, თავად ევროპელების გაყოფა უკრაინაში მარცხდება, არცერთი ეს ამბიცია არ ხორციელდება. დიახ, ის ჯერ სამხედრო თვალსაზრისით არ დამარცხებულა, მაგრამ გამარჯვებული არ არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.