პარტიებმა რომც მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მოსახლეობაში ძალიან დიდი უნდობლობა იქნება იმაზე თუ როგორ შეიძლება ეს არჩევნები ასე მოულოდნელად ასე თავისუფალი და სამართლიანი გამხდარიყო, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.
„თუ საპარლამენტო არჩევნები არ გვექნება მანამდე, ან უკიდურეს შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, არა მგონია, რომ ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე მივა, ვინაიდან არ დაიჯერებენ, რომ ეს შეიძლება ჩატარდეს. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი არჩევნები სრულიად ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ იქნება, ვინაიდან არაფერი იქნება მმართველ დონეზე შეცვლილი.
ერთი პარტია უკვე ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის, ყოველ დღე კიდევ უფრო ცვლიან საარჩევნო კოდექსს, რათა თავიანთ საჭიროებებს მოარგონ. ასე რომ, პარტიებმა რომც მიიღონ ამ [ადგილობრივ] არჩევნებში მონაწილეობა, მოსახლეობაში იმხელა უნდობლობა იქნება იმაზე თუ როგორ შეიძლება ეს არჩევნები ასე მოულოდნელად ასე თავისუფალი და სამართლიანი გამხდარიყო, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნები არ იყო [თავისუფალი და სამართლიანი], რომ რთული წარმოსადგენია.
მაგრამ ეს ისეთი რამეა, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ უნდა გადაწყდეს თავის დროზე. დღეისთვის საპროტესტო მოძრაობა ბოლომდე ორიენტირებულია ერთ მოთხოვნაზე, რაც არის – ახალი არჩევნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
