სალომე ზურაბიშვილი ზურა ჯაფარიძის დაკავებაზე: ეს საგამოძიებო კომისია ამისთვის იყო შექმნილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ უსუსურობის გამოხატულებად აღიქვამს ოპოზიციონერის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის დაკავებას. მისი თქმით, „გამძლეობა გჭირდება, მაგრამ დღეს განაჩენია „ქართული ოცნებისთვის“ გამოტანილი“.
„არანაირ სამართალთან არ აქვს საქმე, ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე. ერთი მხრივ, გვყავს აქტივისტები, რომლებიც გვყავს ციხეში სრულიად არაფრისთვის და ახლა შემდეგი ეტაპია, რომ ეს შეეხოს პოლიტიკურ ლიდერებს. ეს საგამოძიებო კომისია ამისთვის იყო შექმნილი…
ეს კიდევ ერთი ნიშანია მათი უსუსურობის. აღარ იციან რეპრესიები საითკენ და სადამდე წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია და ამ გზებს მიმართავს, დასრულებისთვის არის განწირული“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა, მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
თბილისის საქალაქო სასამრთლოში მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზშივე დააკავეს პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე. მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა – ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთწლამდე პატიმრობას.
ჯაფარიძემ მისთვის შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა, ამიტომ პროკურატურამ მისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, საქმეზე განაჩენის გამოსატანად სხდომები გაგრძელდება.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ს (50 000 ლარი) სა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), ს (50 000 ლარი), ს (30 000 ლარი).
ირაკლი ოქრუაშვილმა გირაოდ შეფარდებული თანხა არ გადაიხადა და 14 მაისს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. როგორც პოლიტიკოსები ნიკა გვარამია და ნიკა მელია თავად ამბობენ, ჯაფარიძისა და ოქრუაშვილის მსგავსად, გირაო არც მათ არ გადაუხდიათ.
ფორუმი