სალომე ზურაბიშვილი – ვნახეთ უზარმაზარი დროშა, რომელმაც ჩამოიარა რუსთაველზე და მივიდა ევროპულ მოედნამდე, ვიმედოვნებთ, რომ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში – საქართველომ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა აქამდე, ეს გზა არ დაწყებულა არც დღეს, არც გუშინ, არც 8 ნოემბერს, არც წინა წელს

ვნახეთ უზარმაზარი დროშა, რომელმაც ჩამოიარა რუსთაველზე და მივიდა ევროპულ მოედნამდე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში და 15 დეკემბერს იქნება ამისი საწყისი,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნით მიღებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, 8 ნოემბერს საქართველომ ძალიან სასიხარულო დასკვნა მიიღო ევროკომისიისგან, ხოლო 15 დეკემბერს კიდევ უფრო სასიხარულო გადაწყვეტილებას ველოდებით.
„მოგესალმებით ყველას. მივესალმები დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელს, ასევე, ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც აქ არიან, ამ საღამოს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით აქ ცოტა არაორდინარულ ფორმატში, რამეთუ ეს ერთდროულად არის წინასაახალწლო ღონისძიება, რაც ტრადიციულად ტარდება, მაგრამ ასევე ეს არის იმ კამპანიის დასრულება, რომელიც აქედან დაიწყო 8 ნოემბერს და რომელიც ისახავდა მიზნად, რომ საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ამ ბოლო მობილიზაციაში, რომელიც მიგვიყვანდა 8 ნოემბრიდან, როცა მივიღეთ ძალიან სასიხარულო დასკვნა და რეკომენდაციები ევროპული კომისიიდან, 15 დეკემბრამდე, როცა ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო სასიხარულო გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს ხმა ხმამაღლა ყოფილიყო ევროპისკენ გაგზავნილი. ეს არ იყო და არ უნდა ყოფილიყო არც პრეზიდენტის ხმა, არც რომელიმე ცალკე ჯგუფის, ასე მოვიფიქრე ეს ინიციატივა. მე ვიწყებდი, მაგრამ ყველანი ერთად ვაგრძელებდით. იყო ბევრი სხვადასხვა ინიციატივა, აქ შეიკრიბა ძალიან ბევრი წარმომადგენელი სხვადასხვა საზოგადოებრივი სფეროებიდან. ჩვენს ზემოთ არის ნახატი, რომელიც წარმოადგენს მხატვრების ერთობლივ წამოწყებას. ასევე, იმ დღეს ვნახეთ უზარმაზარი დროშა, რომელმაც ჩამოიარა რუსთაველზე და მივიდა ევროპულ მოედნამდე. როგორც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსთაველიდან შევალთ ევროკავშირში და 15 დეკემბერს იქნება ამისი საწყისი“, – განაცხადა .
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი ეტაპი გაიარა, თუმცა ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა.
„ეს არის გზაჯვარედინი. საქართველომ გაიარა ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე ეს გზა არ დაწყებულა არც დღეს არც გუშინ, არც 8 ნოემბერს, არც წინა წელს, როცა პერსპექტივა მოგვცეს. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ პერსპექტივის მინიჭება საქართველოსთვის ნიშნავდა და ნიშნავს, რომ დისკუსიები, რაც მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა საქართველოს გეოგრაფიაზე და ეს გეოგრაფია ხელს უშლიდა თუ არა ჩვენს ევროპულობას, ეს დისკუსიები ამით დასრულდა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ და ეს დაიწყო, როცა ჩვენ შევედით ეუთოში, დაიწყო ზურა ჟვანიას ცნობილი სიტყვით, რომელიც მან წარმოთქვა მაშინ, როცა ეუთოს საბჭოში გავწევრიანდით. ზურა ჟვანიასთან არის დაკავშირებული ჩვენი შინაარსიანი ევროპული გზა. მისი მოძრაობა „მწვანეთა მოძრაობა“, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური მიმართულება, რომელიც გასააქტიურებელია საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.