სალომე ზურაბიშვილი – ევროპული კომისიის რეკომენდაცია ძალიან დიდი ნაბიჯია, რისი შედეგიცაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი – თუ ეს ახალი კონსენსუსია ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები

ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია ძალიან დიდი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის შედეგი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი – ნათლად ამბობენ, რომ მიესალმებიან გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებით მიდიან, მაკრონთან ვიზიტიც ამის ნაწილია – თუ ეს საქართველოში ახალი კონსენსუსია ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, სადაც ჟურნალისტმა საფრანგეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი და მისი განცხადება გაიხსენა და ზურაბიშვილს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მას მთავრობა.
პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკის მხრივ მას ნაწილობრივ ცერემონიალური როლი მაქვს, მაგრამ ამავდროულად, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს და ეს მას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გაძლიერებისთვის ყველაფერი გააკეთოს.
„ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც მეთანხმებოდა, როდესაც ამირჩიეს, რაც თქვენ ახლა გაიხსენეთ. ჩემი არჩევა მაშინ ნაწილობრივ მმართველი პარტიის მხარდაჭერით, მაგრამ ასევე, ხალხის მხარდაჭერით მოხდა, რადგან მე ხალხმა ამირჩია, იმ ხალხის მხარდაჭერით, რომელიც ნამდვილად პროევროპელია, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, უკვე ოცდაათზე მეტი წელია, მუდამ პროევროპელი იყო და მე, როგორც ყოფილ ევროპელს, საქართველოს მომავალ ევროპელ ლიდერად მხედავს და საქართველოს ევროპაში მივუძღვი, რასაც ჩემი არჩევის დღიდან, ხუთი წელია მუდმივად ვაკეთებ. საგარეო პოლიტიკის მხრივ მე ნაწილობრივ ცერემონიალური როლი მაქვს, მაგრამ ამავდროულად, წარმოვადგენ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და რაც მე მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რათა გავაძლიერო ევროკავშირის კანდიდატობა, ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს ევროპული გზა. მაშასადამე, ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რაც გარკვეულწილად მოასწავებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროპული საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს, ძალიან დიდი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის შედეგი, რასაც მე მივესალმები, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეულწილად ჩაახშეს. მაგრამ, გადაწყვეტილების შემდეგ ისინი ნათლად ამბობენ, რომ მიესალმებიან გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებით მიდიან, მაკრონთან ვიზიტიც ამის ნაწილია. ასე რომ, თუ ეს საქართველოში ახალი კონსენსუსია ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.