სალომე ზურაბიშვილი დამკვირვებლებს – ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი არის, კავშირში ვიყო უცხოელ პარტნიორებთან – როცა ჩემ „პარასკევებს“ დავამთავრებ, სადაც საჭირო ვარ, იქ ვიქნები და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად ვიქნები

არჩევნების დღეს ძალადობის კადრები რომ ვნახე ტელევიზორით, დავურეკე შს მინისტრს, მის მოადგილეს… ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი “ საჯარო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს ბრძოლა ახლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოება არის ბევრად უფრო გაერთიანებული და საზოგადოება აჩვენებს გზას პოლიტიკოსებს.
„არ ვიყავი დამკვირვებელი, მაგრამ ვუკვირდებოდი ყველაფერს ტელევიზორით იმ დღეს და რაღაც მომენტში, გადმოცემული იყო ეპიზოდი, სადაც ძალიან დიდი ძალადობის ფაქტები იყო ასახული. სამეგრელოში, თუ არ ვცდები. როგორც მევალება, დავურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა გამეგო, სად იყო პოლიცია, რადგან სამართალდამცველები არსად ჩანდნენ. დავურეკე მობილურზე, მის მოადგილესაც დავურეკე სახელისუფლებო ხაზზე, რომელიც მუდმივად ჩართული უნდა იყოს. ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე.
ეს არაფერს ნიშნავს, ფაქტია, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, არ ჩატარებულა ლეგიტიმურად, გაყალბდა, მოპარულია. დარწმუნებული ვარ, რომ აქ იყო დიდი ინსპირაცია რუსული სცენარის და ამიტომ არის, რომ ბევრი რამ წინასწარ ვერ იქნა გათვლილი.
ფსიქოლოგიური ნაწილი იყო ძალიან კარგად გათვლილი, როგორც იცის ჩვენმა მეზობელმა, ძალიან ბევრი წელია, რაც შესწავლილი აქვს ქართული ფსიქოლოგია და ბევრი რამ იყო ძალიან კარგად ჩასმული და თუნდაც “რუსული კანონის” გამოყენება, რომელმაც დამკვირვებლების მომზადება შეაფერხა იმიტომ, რომ სულ სხვა კუთხით წაიყვანა ამ ორგანიზაციების ძალისხმევა, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეუდგნენ ამ ძალიან დიდ საქმეს, მაგრამ, ფსიქოლოგიურადაც და საქმიანობაშიც ძალიან დიდი შეფერხება იყო იმ მომენტში “რუსული კანონის” შემოდგება, რომელზეც სულ ვფიქრობდით, რატომ დასჭირდათ ამ მომენტში. დღეს ბევრად უფრო ადვილი გასაგებია.
ეს ბრძოლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა ახლა. ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტის, მაინც არის ის, რომ მე ვიყო კავშირში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მაქსიმალურად გადავცე ის გზავნილები და ის მოთხოვნები, რაც არის. ჩვენი მტკიცებულებების დრო, ჩემი აზრით, დამთავრდა, მაგრამ თუ ჩათვლიან, რომ ქმედებები კიდევ საჭიროა იმისთვის, რომ რაღაც დროის მოგება უნდათ, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და თქვენ ხართ მზად, თუ იქნება საერთაშორისო გამოძიება, თქვენ უნდა იყოთ ის, ვინც მათ კითხვებს უპასუხებს და არა ვინმე სახელისუფლებო პირები.
მნიშვნელოვანია შემართება შიგნით, რაც არ უნდა იყოს სირთულეები. ვიცით, რა არის პოლიტიკური სპექტრი, ვიცით, რამდენად ძნელია მათი გაერთიანება სხვადასხვა კუთხით, თუმცა ეს გრძელდება. საზოგადოება არის ბევრად უფრო გაერთიანებული და საზოგადოება აჩვენებს გზას.
მე, როცა ჩემს „პარასკევებს“ დავამთავრებ, აქ ვარ, სადაც საჭირო ვარ, იქ ვიქნები და დარწმუნებული ვარ, რომ, თქვენთან ერთად ვიქნები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.